საფრანგეთის მემარჯვენე-რადიკალური „ნაციონალური გაერთიანების“ წარმომადგენელმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინაში ომის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება რუსეთის ენერგომატარებლებს. ლე პენის თქმით, მას არ სურს, რომ ფრანგებს ზიანი მიადგეთ ნავთობსა და გაზზე სანქციებით.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისა და უკრაინაში ომის ფონზე ლე პენს მიუთითეს რუსეთთან მის ძველ კავშირებზე. ამასთან, პოლიტიკოსმა დაგმო მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესია.
არჩევნების მეორე ტურში ლე პენის მეტოქე იქნება მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. კენჭისყრა 24 აპრილს გაიმართება.
ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ზომებს იღებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტის შესამცირებლად, რათა შეზღუდონ კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობები. ამის ცალსახად გაკეთებაზე უარს ამბობს მხოლოდ უნგრეთი. ამავე დროს რუსეთის გაზზე ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, გერმანიის დამოკიდებულება იმდენად დიდია, რომ მათი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტზე სრული უარი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ სახელმწიფოების ხელისუფლებები შიშობენ, რომ მათი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება ენერგომატარებლების ფასები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დაასახელოს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე უარის მკაფიო ვადები და ის კრემლის წინააღმდეგ სანქციების ერთ-ერთ პაკეტში შეიტანოს.
მანამდე ევროკავშირმა სანქციების ხუთი პაკეტი დაუწესა რუსეთსა და ბელარუსს. სანქციები შეეხო რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და ეკონომიკის მთელ რიგ დარგებს. უკანასკნელი პაკეტით აიკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი და ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის სატვირთო ტრანსპორტის შესვლა.
მანამდე რუსეთის ენერგორესურსებს სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც რუსეთის ნაკლებ ნავთობს მოიხმარენ, ვიდრე ევროკავშირი.