Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრმა რუსეთი. პუტინის არმია სატელიტურ ომს აგებს


რადიო თავისუფლებამ შეისწავლა ღია წყაროები და გაესაუბრა ექსპერტებს იმის გასარკვევად, თუ რა გავლენა იქონია კოსმოსურ სფეროში რუსეთის ჩამორჩენამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარის წარუმატებლობაში.

რადიო თავისუფლებამ 18 მარტის პუბლიკაციაში დაწვრილებით აღწერა, რა პრობლემები აღმოაჩნდა რუსეთის არმიას დახურული კავშირისა და სხვადასხვა ჯარის სახეობებს შორის კოორდინაციის თვალსაზრისით.

გარდა იმისა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს პრაქტიკულად არ ძალუძთ ერთი ადგილიდან მეორეზე მოძრავი სამიზნეების განადგურება, ისინი პრობლემას განიცდიან მიზნის მიცემის მხრივაც, როდესაც საქმე ეხება სტაციონარულ ობიექტებს. ეს ეხება ქვეით ჯარსაც: უკრაინის არმიის მიერ ბრძოლის ველზე მოპოვებულ ალაფში აღმოჩნდა 30 წლის წინანდელი რუკები, რომლებიც ჯერ კიდევ 1942 წელს შემუშავებული კოორდინატების სისტემას იყენებენ.

ადგილმდებარეობის ორიენტაციისა და მიზნის მიცემის მხრივ არსებული პრობლემების გადაჭრა შეიძლებოდა მომხდარიყო მაღალი გადაწყვეტის აქტუალური სატელიტური გამოსახულებებით, როგორის მიღებაც ოპერატიულად შეუძლია აშშ-ს და რომელსაც ამერიკელი სამხედროები, როგორც ჩანს, უკრაინის დაზვერვასაც უზიარებენ. მარცხის მიზეზი ისაა, რომ რუსეთს დარჩა სულ რამდენიმე ოპტიკური თვალთვალის სატელიტი, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ეწურება, ხოლო ახლების შექმნასა და გაშვებას ართულებს რუსეთის კომპანიებისთვის ყირიმის ანექსიის გამო 2014 წლიდან დაწესებული სანქციები.

როგორც უკრიანელი სამხედროები ამტკიცებენ, ჯერჯერობით რუსები დიდწილად იძულებული არიან, დაეყრდნონ ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას: მაგალითად, შეისწავლონ ვიდეო- და ფოტომასალა, რომელსაც უკრაინელი თვითმხილველები რუსეთის ავიაციისა და სარაკეტო დარტყმების ადგილებიდან ინტერნეტში ტვირთავენ და ამგვარად მოახდინონ ცეცხლის კორექტირება. ამ მიზეზით უკრაინის ხელისუფლება დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გამოაქვეყნონ არავითარი ინფორმაცია რუსეთის იერიშის შედეგად განადგურებული ობიექტების შესახებ.

უკრაინის კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 7 აპრილი, 2022 წ.
უკრაინის კიევის რეგიონში, ბოროდიანკაში რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 7 აპრილი, 2022 წ.

კარგად ვერ აქვს საქმე ვერც სისტემა ГЛОНАСС-ს, ეს არის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) რუსული ანალოგი. მოსკოვს სულ უფრო უჭირს სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნება იმ რაოდენობა თანამგზავრებისა, რომლებიც სისტემის შეუფერხებელ და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ. კიდევ ერთი სფერო, რომელშიც რუსეთი პრობლემებს განიცდის, ეს არის სატელიტური კავშირი. როგორც უკრაინული სპეცსამსახურებისა და მოხალისეების მიერ ჩაჭერილი რუსი ჯარისკაცების საუბრებიდან ირკვევა, მობილური კავშირგაბმულობის ისეთი თანამედროვე ტერმინალები, როგორიცაა "Аурига 1.2В", შეფერხებით მუშაობს, რაც რუს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს აიძულებს გადავიდნენ კომუნიკაციის დახურულ არხებზე და ამით თავისდაუნებურად მოწინააღმდეგეს გაუმჟღავნოთ თავიანთი საუბრის შინაარსი.

რუსეთი, შესაძლოა, ხვდება თავისი კოსმოსური დაჯგუფების სისუსტეს და ცდილობს დააკონსერვოს ის სხვა მეთოდით. ასე მაგალითად, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, უცნობმა ჰაკერებმა იერიში მიიტანეს კომპანია Viasat-ზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს, სატელიტური ინტერნეტის პროვაიდერზე. როგორც დამოუკიდებელმა გამოძიებამ ცხადყო, ამ იერიშის უკან იდგა რუსეთი. მაგრამ უკრაინელი პოლიტიკოსებისა და სამხედროებისათვის შეუფერხებელი ინტერნეტის უზრუნველყოფის მხრივ შველა მოულოდნელი გზით განხორციელდა: ილონ მასკმა დაიწყო და აგრძელებს უკრაინაში სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ზე მიერთებისათვის საჭირო მოწყობილობის მიწოდებას.

კოსმოსური თვალები

ღია მონაცემთა ბაზის თანახმად, ამჟამად რუსეთის სატელიტური სამხედრო დაჯგუფება და ორმაგი დანიშნულების თანამგზავრები დაახლოებით 100 აპარატს ითვლის და მათი მხოლოდ ნაწილი შეიძლება მივაკუთვნოთ სადაზვერვოს. ესენია ორი თანამგზავრი „ბარს-მ“ -ი, ერთი „კონდორი“, ერთი „ლოტოსის“ კლასის, ერთი „პიონ-ნკსი“ და ორი თანამგზავრი „პერსონა“. მათგან „კონდორი“ - ეს არის მცირე სარადიოლოკაციო სადგური საკმაოდ მცირე რეზოლუციით (არაუმეტეს ერთი კვადრატული მეტრისა პიქსელზე). 2015-2016 წლებში გაშვებული თანამგზავრები, „ბარს-მ“-ები, რომლებსაც ასევე 1 პიქსელის რეზოლუცია აქვთ, ჩაფიქრებული იყო ძირითადად სამხედრო კარტოგრაფიისთვის. რუსეთი აშენებდა ექვს „ბარსს“, მაგრამ ორბიტაზე გაშვებული აღმოჩნდა მხოლოდ ორი და ორთავეს, როგორც ჩანს, ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა. როგორც ირკვევა, ამჟამად მხოლოდ „პერსონა“ ითვლება რუსეთის ერთადერთ ოპტიკურ „თვალებად“, მაგრამ ისინიც, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაბრმავდნენ.

ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კოსმონავტიკის ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, 2007 წ.
ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კოსმონავტიკის ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, 2007 წ.

„რამდენადაც ვიცი, რუსეთს ორბიტაზე ამჟამად ჰყავს ორი ოპტიკური სადაზვერვო თანამგზავრი „სპუტნიკი“. ისინი გაუშვეს 2013-2015 წლებში. ჩვენ არ ვიცით, რამდენია მათი შემქმნელების მიერ განსაზღვრული აქტიური სამუშაო ვადა, ალბათ, 5-7 წელი. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ვადა უკვე ამოიწურა და თანამგზავრი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაჩერდეს. არანაირი სხვა კარგი მიწის დისტანციური ზონდირების სამოქალაქო თანამგზავრი რუსეთს ორბიტაზე აღარ დარჩა. ბოლო თანამგზავრი, „რესურს-პ“, ანუ „პერსონის“ სამოქალაქო ვერსია, 2021 წლის დეკემბერში გაჩერდა, რაც რუსეთის კოსმოსურ ცენტრ „პროგრესის“ გენერალურმა დირექტორმაც აღიარა. შემდგომი ასეთი თანამგზავრები ორბიტაზე არაუგვიანეს 2023 წელს იქნება გაშვებული. პრინციპში, ორბიტაზე რუსეთი უკვე დაბრმავებულია“, - ამბობს ბარტ ჰენდრიკსი, საბჭოთა და რუსეთის კოსმოსური პროგრამების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი.

4 აპრილს „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი როგოზინმა, გამოაქვეყნა მაღალი რეზოლუციის თანამგზავრით გადაღებული სურათი, რომელზეც ნატოს შტაბბინაა გამოსახული და მას ასეთი წარწერა გაუკეთა: „მეგობრებო, ჩვენ თქვენ თვალს გადევნებთ. იქონიეთ ეს მხედველობაში“. მაგრამ სურათზე გაკეთებული წარწერით ირკვევა, რომ იგი თანამგზავრ „რესურს-პ“-თი, ორი წლის წინ, 2020 წლის 28 მარტს არის გადაღებული. შემდგომ პოსტში კომენტატორის თხოვნაზე, „აჩვენოს უფრო აქტუალური სურათი“, რაგოზინი ასეთ პასუხს იძლევა: „არ შემიძლია! სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის რაიონებიდან მიღებული ყველა მონაცემი რეალურ დროში მიეწოდება მხოლოდ სამხედროებს და არავის სხვას“.

თუმცა, ვადაგადაცილებული „პერსონები“, როგორც ჩანს, განაგრძობენ მუშაობას - ასეთი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა მათი ორბიტების რეგულარული კორექციები, რომელსაც ამერიკელი სამხედროები ადევნებენ თვალს. ამასთან, რუსეთის სამხედრო თანამგზავრების ზუსტი პარამეტრები არ ქვეყნდება ღია სივრცეში. მაგრამ, ჰენდრიკსის თანახმად, რუსული „პერსონის“ თანამგზავრის სიმძლავრე რამდენადმე ჩამორჩება საუკეთესო ამერიკულ ჯაშუშ-თანამგზავრ Keyhole-11(12)-ისას. თავისი სიმძლავრით „პერსონები“ შეიძლება შეედაროს არა თანამედროვე ამერიკულ კოსმოსურ მზვერავ თანამგზავრებს, არამედ კომერციული კომპანია Maxar-ის შექმნილ თანამგზავრებს, რომლის მიერ გადაღებული სატელიტური ფოტოები გამოიყენა გაზეთმა „The New York Times“-მა, რათა ეჩვენებინა, რომ დაღუპულთა ცხედრები იაბლონსკის ქუჩაზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში მარტის შუა რიცხვებამდე უფრო ადრე გამოჩნდა.

რუსეთი კოლექტიურ დასავლეთს თანამგზავრების რაოდენობის მხრივაც ჩამორჩება. „ამერიკელებს აქვთ როგორც მინიმუმ ხუთი ერთეული Keyhole-12-ის თანამგზავრი, თავიანთი თანამგზავრები აქვთ ასევე იტალიელებს, ფრანგებსა და ესპანელებს, ჯამში, მათი რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება“, - ამბობს ჰენდრიკსი.

ბუჩა. Maxar-ის სატელიტური ფოტო.
ბუჩა. Maxar-ის სატელიტური ფოტო.

რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებს, იბადება შეკითხვა, თუ რამდენად შეუძლია რუსულ თანამგზავრებს - „პერსონებს“, რომ რეალურ დროში ადევნონ თვალი კონფლიქტის მიმდინარეობას? ჰენდრიკსის სიტყვებით, ორიდან თითოეული რუსული თანამგზავრი დღის განმავლობაში, დილის საათებში 2-3-ჯერ ასწრებს უკრაინის ტერიტორიაზე გადაფრენას, რომლის დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, ფარავს უშუალოდ თანამგზავრის ქვედა წერტილიდან მარცხნივ და მარჯვნივ დაშორებულ 730 კილომეტრ ტერიტორიას. ამასთან, რაც უფრო შორს მდებარეობს ამ წერტილიდან ობიექტი, რომლის გამოსახულების მიღებაც გსურთ, მით უარესი იქნება მისი ხარისხი. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში, რუსულ „პერსონებს“ უჭირთ ერთი რომელიმე სამხედრო ობიექტის გადაადგილების თვალის დევნება იმ შეზღუდვის გამო, რასაც ამინდი იწვევს.

რატომ არ უზიარებს აშშ სხვებს სატელიტურ ფოტოსურათებს?

კიდევ ერთი პრობლემა მონაცემთა დამუშავებაა. ჟენევაში მდებარე გაეროს განიარაღების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, პაველ პოდვიგის თქმით, რომელიმე ქვეყნის შესაძლებლობა, ეფექტიანად გამოიყენოს თანამგზავრული დაზვერვა, არ განისაზღვრება მხოლოდ თანამგზავრების რაოდენობით და მათი მახასიათებლებით.

„ერთი საქმეა თანამგზავრების ქონა, მეორე - მათი ექსპლუატაცია. საჭიროა არსებობდეს სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ოპერატიულად გადავცეთ თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაცია საჭირო ადამიანებს, რომლებიც მათ დაამუშავებენ და გადასცემენ მათ, ვინც, მაგალითად, მიზნის მიცემაზე არიან პასუხისმგებლები. ის, რომ რუსეთის რომელიღაც თანამგზავრები კიდევ დაფრინავენ, არ ნიშნავს, რომ ასეთი სისტემა არსებობს, ხოლო, თუ ასეთი სისტემა არსებობს, ძნელი სათქმელია რუსეთის შემთხვევაში, კარგია ის თუ - ცუდი. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ თქვენ ხელი მიგიწვდებათ Maxar-ის კომპანიის ყველა თანამგზავრზე. იქ ძალიან ბევრი ინფორმაციაა. იქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი სახლი და ისეთი ფოტოსურათიც კი, თუ როგორ დადიხართ მის გარშემო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ეს ინფორმაცია და სადღაც გადაგზავნოთ. და არა უბრალოდ გადასცეთ, არამედ გაიაზროთ ის, მოახდინოთ მისი კლასიფიცირება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მხრივ ყველაფერი კარგად არ აქვს, რადგან თავად ამერიკელებიც კი ამ ამოცანას ყოველთვის ვერ ართმევენ თავს. მე ვერ ვხედავ იმის მტკიცებულებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთი ამ ამოცანას წარმატებით უმკლავდებოდეს“, - ამბობს პოდვიგი.

ირანის კოსმოსური ცენტრის სატელიტური ფოტო, რომელიც 2019 წლის 29 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
ირანის კოსმოსური ცენტრის სატელიტური ფოტო, რომელიც 2019 წლის 29 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

შეიძლება თუ არა, რომ რუსეთის სატელიტური დაჯგუფების ამ სისუსტით ისარგებლოს უკრაინამ და ამ სფეროს ლიდერის, აშშ-ისგან მიიღოს საჭირო მონაცემები? მიუხედავად აშშ-ის ოფიციალური განცხადებისა, რომ რეალურ დროში უზიარებს უკრაინას სადაზვერვო მონაცემებს, ბერტ ჰენდრიკსი არ ფიქრობს, რომ ეს მონაცემები უშუალოდ სატელიტურ ფოტოებსაც შეიძლება გულისხმობდეს. აშშ-მა უარი თქვა ამ მონაცემების მიცემაზე იმ სასამართლოსთვისაც კი, რომელიც დონეცკთან ახლოს მალაიზიური ავიახაზების „ბოინგის“ ჩამოვარდნას იძიებს და ფოტოები, რომელზეც თვითმფრინავისთვის მოხვედრილი რუსული რაკეტის გაშვებაა დაფიქსირებული, მხოლოდ ნიდერლანდის პროკურატურის წარმომადგენელს აჩვენა.

„მე არ ვფიქრობ, რომ პენტაგონი მზად არის გაუზიაროს უკრაინას ასეთი მგრძნობიარე ინფორმაცია. ამასთან, უკრაინამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს იყიდოს კომერციული თანამგზავრების სურათები, რომლებიც ოპტიკურთან ერთად, სარადარო გამოსახულებასაც მოიცავს. შესაძლოა, აშშ ეუბნება უკრაინას, თუ რას ხედავს თავისი თანამგზავრებით მიღებულ სურათებზე, მაგრამ თავად სურათებს ძნელად თუ გაუზიარებს. აშშ ასე არასოდეს იქცეოდა, მხოლოდ დონალდ ტრამპმა 2019 წელს შემთხვევით გამოაქვეყნა ამერიკული ჯაშუში-თანამგზავრით გადაღებული სურათი, როდესაც ირანის რაკეტა „საფირის“ აფეთქებაზე წერდა“, - ამბობს ბარტ ჰენდრიკსი, საბჭოთა და რუსეთის კოსმოსური პროგრამების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი.

XS
SM
MD
LG