რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ბელგოროდის ნავთობტერმინალში 8 რეზერვუარი იწვის. უწყების ცნობით, ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციოდ სპეციალურ ქაფს გამოიყენებენ.
ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, ნავთობტერმინალის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია სპორტულ კომპლექსში. 19 მოქალაქე იქ ავტობუსით მიიყვანეს.
ტერმინალის მესაკუთრე კომპანია „როსნეფტის“ ინფორმაციით, პერსონალი ევაკუირებულია და მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.
მანამდე ოლქის გუბენატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ხანძრის გამო ორი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
გლადკოვის თქმით, ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე ხანძარი უკრაინული ვერტმფრენების იერიშის შედეგად გაჩნდა.
უკრაინაში განცხადება ბელგოროდში ნავთობტერმინალზე შესაძლო იერიშის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ.