Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი


რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში პოლონეთიდან ჩამოასვენეს უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი.

გობეჯიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდა, დახვდნენ საქართველოს მოქალაქეები.

აფხაზეთიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი 26 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენთან ბრძოლაში დაიღუპა.

გობეჯიშვილის გარდა, რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ, უკრაინის ქალაქებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG