რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მაუწყებლის, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შესახებ წერს „ტელეგრამის" არხზე. ის შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. გარდა ამისა, სიმონიანი აღნიშნავს, რომ მან აფხაზეთში გახსნა მედიაცენტრი.
დადებით შთაბეჭდილებებთან ერთად, სიმონიანი უკმაყოფილოა მდინარე ფსოუზე [რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი] მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობით. მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, ის ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას.
„გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ გავხსენით მედიაცენტრი. ვივახშმეთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ბევრი ვილაპარაკეთ.
შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, გულითადი ხალხი. ჩვენი ხალხი.
ახლა იბრძვიან ჩვენთან ერთად, ჩვენთვის.
ახლა ამიხსენით მე, იქ რატომ არის საჭირო ეს სამარცხვინო საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის.
ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით, ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის.
ამასობაში, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ ძმებო!" - წერს სიმონიანი.
1993 წელის 27 სექტემბერს, რუსეთის სამხედრო დახმარებით სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.