Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში წუხელ ვითარება ისევ დაიძაბა


მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია მათი მისამართით აზერბაიჯანის მხრიდან 25 მარტის ღამით გახსნილი ცეცხლის შესახებ იუწყება. იტყობინებიან, როგორც სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების თაობაზე.

აზერბაიჯანი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ ცნობას უარყოფს.

24 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა უხეშად დაარღვიეს 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მოთხოვნები, შეიჭრნენ მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ზონაში და დაამყარეს კონტროლი ასკერანის რაიონის სოფელ ფარუხსა და მიმდებარე პოზიციებზე, ისინი ცდილობენ წინსვლას მთიანი ყარაბაღის აღმოსავლეთის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის თანახმად, წუხელ, მომხდარის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებები რუსი სამშვიდობოების მონაწილეობით უშედეგოდ დასრულდა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაპირველ პოზიციას არ დაუბრუნდნენ.

ამჟამად ადგილზე სტაბილური ვითარებაა. ვრცელდება ცნობები ორივე მხარეს დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ. სომხეთი 2 სამხედროს დაღუპვას ადასტურებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას როგორც შეტაკების, ასევე აზერბაიჯანის მხარეს არსებული მსხვერპლის შესახებ და მას „საინფორმაციო პროვოკაციას“ უწოდებენ.

ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ძალის გამოყენების გარეშე აგრძელებენ პოზიციებისა და განლაგების ადგილების დაზუსტების პროცესს. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ ოპერატიულ სიტუაციას“, - აცხადებენ უწყებაში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

XS
SM
MD
LG