პენსიონერები ოლგა კრუკოვა და ნატალია კრივაშეენა ხარკოვის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორები არიან. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 2 მარტს შვილებმა ბავშვობის მეგობრები იძულებით ჩასხეს მატარებელში და პოლონეთისკენ გაამგზავრეს. პოლონეთიდან ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდნენ. ქუთაისიდან კი ბათუმში ჩამოვიდნენ, სადაც ნატალიას და ელოდებოდა.
67 წლის ოლგა კრუკოვა ხარკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის დოცენტია. იხსენებს, რომ საომარი მოქმედებების დაწყებისას ჭურვები მის სახლთან ერთ კილომეტრში ფეთქდებოდა. სამხედრო სასწავლებლის დაბომბვისას მის კორპუსში მინები ჩაიმსხვრა. განადგურდა გათბობის სისტემა. 28 თებერვლიდან რუსეთის არმიამ უკვე საცხოვრებელი სახლებისკენ დაიწყო სროლაო. პირველი მსხვერპლი ქალაქის ცენტრში ღირსშესანიშნავი, ხალხმრავალი ადგილის დაბომბვას მოჰყვა:
„როცა რუსეთის ტელევიზიები აცხადებენ, რომ ხარკოვში დემილიტარიზაციის მიზნით, მხოლოდ სამხედრო ბაზები ნადგურდება, ტყუილია. 28 თებერვლიდან მიზანში ამოიღეს საცხოვრებელი სახლები და კვარტლები, სადაც მეომრები თვალითაც არ გვინახავს. იბომბებოდა სამეცნიერო ცენტრები. ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებული დაბალი ტემპერატურის ინსტიტუტის შენობა, სადაც ბირთვული რეაქტორი დიდი ხნის გაყინულია, დაიბომბა. ჭურვი მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლია. მოსახლეობას არ ინდობენ“.
ოლგა კრუკოვა ამბობს, რომ კარგად იცის, რატომ „გამხეცდნენ“ რუსი ჯარისკაცები ხარკოველებზე:
„ხარკოვი არის სასაზღვრო რუსულენოვანი ქალაქი, სადაც რუსებთან ყოველთვის ვიყავით ლოიალურები. მე დედით უკრაინელი ვარ, მამით კი რუსი. ვინ გამოვდივარ ეროვნებით? არ ვიცი! ეს რუსულენოვანი რეგიონია. ყველა ვლაპარაკობთ რუსულ ენაზე… ყველამ ვიცით უკრაინული ენა და რეგიონი უდავოდ უკრაინისაა. რუსებმა კი ჩათვალეს, რომ ხარკოვი უბრძოლველად ჩაბარდებოდა. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მსგავსად, ხარკოვსაც დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადებდნენ. ამაში კი ქალაქის ყოფილი მერის და ადგილობრივების დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ფიქრობდნენ, ისარგებლებდნენ იმითაც, რომ ბევრს არ მოსწონდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, სახელმწიფო ენად მხოლოდ უკრაინულის გამოცხადების შესახებ. რუსებს ეგონათ, რომ ხარკოვში ბუნტი იქნებოდა და ქალაქი მათ მხარეს გადავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა, იმიტომ რომ, ეს ჩვენი, უკრაინის შიდა საქმეა. რა ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ხარკოვი უკრაინაა! ომით მოვიდნენ ჩვენს გასათავისუფლებლად? ვისგან? უკაცრავად, მაგრამ გაუგებარია. ჩვენ კარგად ვცხოვრობდით და ყველაფერი იყო კარგად! აი, ამას რომ მიხვდნენ, გადაწყვიტეს ხარკოვის მიწასთან გასწორება“.
ოლგა კრუკოვა ამბობს, რომ უკრაინის ქალაქებს შორის სწორედ ხარკოვშია ყველაზე ბევრი უნივერსიტეტი. მათ შორის, უძველესიც. საუნივერსიტეტო ქალაქში კი, მისივე თქმით, ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები ცხოვრობენ, რომლებიც ქვეყნის ინტერესების მხარეს არიან.
უკრაინაში 18-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ. მათი მასობრივი გაწვევა არ ხდება, თუმცა რაღაც მომენტში ქვეყანას დასჭირდებიანო, გვეუბნება ოლგა. სწორედ ამიტომ, მისი 24 წლის შვილი სამშობლოში დარჩა, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ კი შვილთან კავშირი 8 დღით შეწყდა: „ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდი. როგორც გაირკვა, ჩემი წამოსვლის შემდეგ, როცა სახლში ბრუნდებოდა, ძლიერი აფეთქების ტალღამ გადააგდო შორს. გადარჩა, თუმცა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. პოლიკლინიკები არ მუშაობს. საბედნიეროდ, ახლოს მეგობარი აღმოჩნდა და უსაფრთხო ადგილას წაიყვანა. ახლა მეგობრებთან ცხოვრობს. მთავარია, ცოცხალი და თითქმის ჯანმრთელია. ხმაც ნორმალური აქვს“, - ამბობს ოლგა კრუკოვა.
ნატალია კრივაშეენასაც 24 წლის შვილი და ქმარი დარჩა ხარკოვში. ქალაქი თითქოს მოკვდაო, გვეუბნება ნატალია. ირგვლივ სიჩუმეა, არც მანქანები და არც ადამიანები არ ჩანან. მუდმივად ისმის აფეთქებების ხმა:
„ხარკოვი ძალიან დაზარალდა. ჩვენი ულამაზესი პარკები დაბომბილია. ქალაქში ორი ზოოპარკი გაანადგურეს. ერთი კონტაქტური იყო ტყეში. სასტიკად დაბომბეს. ჩემი და ქალაქის ზოოპარკის მთავარი ზოოლოგია, ყველა ცხოველი იცის, ტირილით მირეკავდა - წითელი მელიები დაიღუპნენ, შავი მელიები კი გადარჩნენო. ლომი კი გაიქცა და ქალაქის ქუჩებში დაბოდიალობდაო. ჩვენ ყველა კატის და ყველა ცხოველის დაღუპვას განვიცდით“.
ნატალიას ხარკოვის გარდა, მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავს ქალაქ მარიუპოლში. თუმცა ერთ კვირაზე მეტია, მათთან კავშირი შეწყდა:
„მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს. იქ ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს ოჯახით. ერთი კვირაა ტელეფონზე აღარ მპასუხობს. ჩემი კლასელი ლიუდაც ცხოვრობს, მასაც ვერ ვუკავშირდები. არც კავშირი აქვთ, არც წყალი აქვთ და არც შუქი. არ ვიცით, ცოცხლები თუ არიან. მათი სახლები დაბომბილი ვნახე კადრებში. ბოლოს ველაპარაკე ჩემს ერთ მეგობარს, მითხრა, რომ სადარბაზოს ბომბი მოხვდა და მეზობლები დაიღუპნენო. თავშესაფრად ქალაქში მხოლოდ მეტროს გვირაბი გამოდგება. სახლებს კი ჩვეულებრივი სარდაფები აქვთ, თავშესაფრად ვერ იყენებენ, რადგან სახლის დანგრევისას იქ ხალხი ცოცხლად იმარხება“.
მთელ ამ კოშმარში, რასაც ნატალია აღწერს, გულისტკივილით ახსენდება რუსეთში მცხოვრები ახლობლებისა და ნაცნობების გულგრილი დამოკიდებულება:
„გვეუბნებიან, თქვენ თვითონ ხართ დამნაშავეები ამ ომშიო. როგორ გითხრათ, 20-დან მხოლოდ ერთი ხედავს რეალურ სურათს. დანარჩენებს თითქოს რაღაც დაემართათ, ნაკითხი, განათლებული და ჰუმანური ხალხია, მაგრამ…“
ნატალია კრივაშეენა ბათუმში დროებით ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოში მოგზაურობისთვის იქირავა. ოლგა კრუკოვა კი - დროებით საცხოვრებელ სახლში, რომელიც ბათუმელმა აქტივისტებმა გამოუყვეს. თითო ზურგჩანთით ბათუმში გამოქცეულ ხარკოველებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამდენ ხანს მოუწევთ აქ დარჩენა.