რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი გამოიძახა იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უწოდა „ომის დამნაშავე“ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო.
სამინისტროს 21 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დემარში გამოაცხადა და ელჩს გადასცა ნოტა, რომელშიც გამოხატულია პროტესტი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის ამასწინანდელი „მიუღებელი გამონათქვამის“ გამო. "აშშ-ის პრეზიდენტის ამგვარმა გამონათქვამმა, რომელიც არ შეეფერება მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა გაწყვეტის პირას მიიყვანა“, - დასძენენ ნოტის ავტორები.
ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტს „ომის დამნაშავე უწოდა“. ერთი დღის შემდეგ მან პუტინს უწოდა „ნამდვილი ბანდიტი“ და "მკვლელი დიქტატორი“, თუმცა "ომის დამნაშავე" აღარ უხსენებია.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ, განაცხადა, რომ ბაიდენი „გულიდან ლაპარაკობდა“ მას მერე, რაც ტელევიზიით იხილა „უცხო სახელმწიფოში შეჭრილი სასტიკი დიქტატორის ბარბაროსული ქმედება“.
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ავიაციამ დაბომბა სამოქალაქო ობიექტებიც - საავადმყოფო, სკოლები და საცხოვრებელი სახლები. რუსეთი უარყოფს, რომ ცეცხლის უშენს სამოქალაქო პირებს, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რაც საპირისპიროს ასაბუთებს მედიის, თვითმხილველების და უკრაინის შიგნით სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე.