საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო კარიერას, დიდი ალბათობით, სხვა გუნდში გააგრძელებს.
ყაზანის „რუბინის" 21 წლის ქართველმა შემტევმა ამ კლუბის მაისურით (და კაპიტნის სამკლავურით) ბოლო თამაში 20 მარტს ჩაატარა, მოსკოვის „ცსკა"-ს წინააღმდეგ და საგოლე პასიც შეასრულა. შემდეგ კი სარაევოში ჩაფრინდა, საქართველოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე.
რუსეთის სპორტულმა გამოცემამ - „სპორტ-ექსპრესმა" ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო გაავრცელა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი სამი ჩემოდნით დგას.
„კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიემგზავრება, მაგრამ, მგონი, ბევრი ჩემოდანი მიაქვს. ეს „რუბინიდან" გაქცევა ხომ არაა?" - დაწერა „სპორტ-ექსპრესმა".
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებმა უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული საფეხბურთო ქვეყნის ტიტულიან კლუბთან, რომლის ვინაობაც მარტის ბოლოს გამჟღავნდება. იქამდე კი, ხვიჩას ორი გასვლითი ამხანაგური მატჩი ელის საქართველოს ნაკრების მაისურით - 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან და 29 მარტს - ალბანეთთან.