საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს.
NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მინისტრის თქმით, სხდომაზე გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა.
სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.