Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობს რუსეთის პირველი არხის რედაქტორს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პირველი არხის რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას სთავაზობს თავშესაფარს ან საელჩოს მხრიდან დაცვას. ამის შესახებ ტელეკომპანია France 24 იუწყება. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ამ საკითხს პირდაპირ დასვამს პრეზიდენტ პუტინთან მომდევნო საუბრის დროს.

14 მარტს ღამით, როცა კრემლის მიერ კონტროლირებული პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"

„ვრემია“-ს სტუდიაში აქციის წინ, ოვსიანნიკოვამ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც დაგმო უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები.

15 მარტს, მოსკოვის ოსტანკინოს რაიონის სასამართლომ მარინა ოვსიანნიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - „შეუთანხმებელი საჯარო აქციის გამართვისთვის“. ამასთან, ჟურნალისტს რუსეთში ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის საფუძველზე ემუქრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება. კრემლი, რომელმაც ქვეყანაში ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობა დაბლოკა, მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ, რომელსაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, ინფორმაცია ვრცელდებოდეს მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG