კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანია НТВ დატოვა საინფორმაციო პროგრამის წამყვანმა ლილია გილდეევამ. მან საინფორმაციო არხს, Varlamov News-ს უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადება მხოლოდ რუსეთიდან საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ დაწერა.
„ჯერ გავემგზავრე. მეშინოდა, რომ ასე უბრალოდ არ გამიშვებდნენ. შემდეგ დავწერე განცხადება“, - ამბობს ლილია გილდეევა, რომელიც НТВ-ში 2006 წლიდან მუშაობდა.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კრემლმა კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა მის მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებზე, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კი მთლიანად დაბლოკა. პუტინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდეს მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.