ჩეჩნეთის რესპუბლიკის ოფიციალური ტელეარხის, Грозный-ТВ-ის ტელეგრამის არხმა გაავრცელა ჩაბნელებული კადრები წარწერით - "ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის საგანგებო სპეცოპერაციაში მონაწილე მეომრებთან ერთად".
ჩანაწერში ერთ-ერთი მეომარი მამის, ახმედ კადიროვის პორტრეტთან მდგომ რამზან კადიროვს ატყობინებს, რომ კიევიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით მდებარე საბავშვო ბაღი წარმატებით იქნა "აღებული".
"სტრატეგია, რომელიც თქვენ გვიკარნახეთ, 100 პროცენტით სწორი აღმოჩნდა, - ამბობს მეომარი ვიდეოში, - ჩვენ არ მივმართეთ სოფლის 'გასუფთავებას', ამ საბავშვო ბაღს თავხედურად მივადექით. მაგრამ იქ ბავშვები არ იყვნენ - ორი ძიძა ტიროდა მხოლოდ. პატარა ლოგინები ჯერ კიდევ თბილი იყო. [უკრაინის უშიშროებამ], რომელიც ვითომ 'წითელი ჯვარი' იყო, გუშინ ეს ბავშვები კიევში გაიყვანა".
არხი არ იტყობინება, სად არის გადაღებული ეს ვიდეო ან რომელ საბავშვო ბაღზეა ლაპარაკი.
თავად კადიროვს თავის სოციალურ ქსელებში ჯერ არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში იმყოფება. თუმცა ცნობილია, რომ უკრაინაში გაიგზავნა რუსეთის გვარდიის ჩეჩნური დანაყოფების ნაწილი, რომელმაც რამდენიმე ქალაქისთვის გამართულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა.