უკრაინამ რუსეთის არმიას გაცილებით ეფექტური წინააღმდეგობა გაუწია, ვიდრე ამას დასავლეთის ქვეყნები მოელოდნენ. ამის მიუხედავად, ომი ჯერ მხოლოდ მეორე კვირაა მიმდინარეობს და რუსეთს უკრაინაზე გაცილებით მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. თუკი რუსეთი მაინც შეძლებს უკრაინის წინააღმდეგობის გატეხვას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, პენტაგონი და სხვა უწყებები მზად არიან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთში ევაკუაციისთვის,- წერს - Washington Post-ი.
უკრაინულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, Washington Post-ი წერს, რომ რუსული პროპაგანდის მრავალგზის მტიცების მიუხედავად, რომ ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა, ის მაინც კიევში რჩება. მის დაცვას ზელენკის ევაკუაციის გეგმა შემუშავებული აქვს, თუმცა ის უკრაინის დედაქალაქის დატოვებას არ თანხმდება.
გამოცემის თანახმად, ევროპის ქვეყნები ნელ-ნელა ამზადებენ ნიადაგს ზელენსკის მთავრობის, უკრაინის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად გამოსაცხადებლად, იმ შემთხევაშიც კი თუ ის ქვეყანაზე კონტროლის განხორციელებას ვერ შეძლებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია სადაც რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრა დაგმო. სწორედ ეს რეზოლუცია უნდა იქცეს ამ გადაწყვეტილების საფუძვლად.
ამასთან, გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინაში პარტიზანული ომი შესაძლოა არაერთ წელს გაგრძლდეს.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.