Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Times: პრეზიდენტ ზელენსკიზე სულ მცირე 3 თავდასხმის მცდელობა იყო


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა, ბოლო ერთ კვირაში სულ მცირე სამჯერ სცადეს. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში გაგზავნილი იყო რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფი. „ვაგნერი“ მიჩნეულია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ კონტროლირებულ დაჯგუფებად. ბრიტანული გამოცემის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნილი იყო ჩეჩენთა სპეცრაზმიც.

როგორც The Times-ი წერს, უკრაინის სპეცსამსახურებმა თავდასხმები აღკვეთეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლების წყალობით, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა თავდასხმის მცდელობისას კიევში დანაკარგები განიცადა, დაქირავებული ჩეჩნების ჯგუფი კი ლიკვიდირებული იყო.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
  • 2 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597.
  • უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. შეიარაღებულ ძალებში დანაკარგების შესახებ კიევი არაფერს იუწყება.
  • გაეროს მონაცემებით, უკრაინა დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG