Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულებას თქმით, თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთქდება, ის ჩერნობილზე 10-ჯერ მასშტაბური იქნება


დმიტრო კულება
დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობებზე რუსეთის არმიის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებაში მისი შესაძლო შედეგები ჩერნობილთან არის შედარებული.

„რუსეთის არმია ყველა მიმართულებიდან ბომბავდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც ევროპაში უდიდესია. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუკი ის აფეთქდება, იქნება ათჯერ დიდი, ვიდრე ჩერნობილი“, - ნათქვამია კულებას განცხადებაში.

მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, დაუშვას მეხანძრეები. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე დაიკავეს პირველი ენერგობლოკი. მაშველები ვერ ახერხებენ ხანძრის ჩასაქრობად შესვლას.

ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ანდრეი ტუზი აღნიშნავს, რომ ბირთვული საშიშროების რეალური საფრთხე არსებობს.

ზოგი მედიასაშუალების ინფორმაციით, ცეცხლის კერებთან მეხანძრეები დაუშვეს.

ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგურისთვის რუსეთის სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ქალაქ ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა.

„საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის!!! მტრის მიერ დამიზნებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იწვის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა და ბლოკები“, - აცხადებდა ორლოვი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან LIVE-რეჟიმში გადაიცემა ამჟამინდელი მდგომარეობა.

დმიტრი ორლოვის თანახმად, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურისკენ 3 მარტს, საღამოს გაემართა, რის შემდეგაც ატომურ ელექტროსადგურთან გაიხსნა საარტილერიო ცეცხლი.

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
XS
SM
MD
LG