საქართველოში არსებული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაერთიანებისთვის აუცილებელი იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით მდგომარეობა შეიცვალოს. მათი შეფასებით, სწორედ ამ სფეროებში იგრძნობა რეგრესი ბოლო წლების განმავლობაში.
"პირველ რიგში, ამ რეფორმებს უნდა მიხედონ. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ამას გვეტყვიან, თუ ისინი მზად იქნებიან, რომ სერიოზულად განიხილონ ეს განაცხადი...
ასევე, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - იქ არის რეფორმების ნაწილი, რომელიც ქვეყანას დასჭირდება ამ გზაზე, საკმაოდ მკაფიოა", - განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე "ღია საზოგადოების ფონდის" ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა.
მისი თქმით, ამ პროცესის სახე უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რადგან ის ყველაზე მისაღები ფიგურაა ევროპისთვის.
ქეთი ხუციშვილმა კიდევ რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ ამ პროცესში აუცილებელია უკრაინასთან გამოსწორდეს ურთიერთობა და ევროკავშირის წევრობის საკითხზე საქართველომ მასთან და მოლდოვასთან ერთად იმუშაოს.
გუშინ, 2 მარტს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით გააკეთებს. მისი თქმით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა და დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული.
მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რუსეთთან ომის პარალელურად ევროკავშირში უკრაინის მიერ განაცხადის შეტანა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
1 მარტს 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.