Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებას ჯერ შედეგი არ აქვს


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვთან მოლაპარაკების პირველ რაუნდზე კიევმა სასურველი შედეგი ვერ მოიპოვა, მეორე რაუნდის შესახებ კი უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს დელეგაციის დაბრუნების და მოლაპარაკების პროცესის გაანალიზების შემდეგ - იუწყება სააგენტო ТАСС-ი ზელენსკის ოფისზე დაყრდნობით.

"ჯერჯერობით არ გვაქვს შედეგი, რომლის მიღებაც გვსურს", - თქვა ზელენსკიმ ბელარუსის საზღვართან გამართულ მოლაპარაკებებზე და დასძინა: "რუსეთმა თავისი პოზიციები გამოხატა, ჩვენ საპასუხო პუნქტები გამოვთქვით, ომის დასასრულებლად. გარკვეული სიგნალები მივიღეთ ... როცა დელეგაცია კიევში დაბრუნდება, გავაანალიზებთ მოსმენილს და ჩამოვყალიბდებით, როგორ გადავდივართ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე".

ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისკენ.

თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რომ ორშაბათს შეიტანა განაცხადი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე. "ამას 30 წელი ველოდით და მე ხელი მოვაწერე განაცხადს ევროკავშირში შესვლაზე. განაცხადი უკვე ბრიუსელშია და ხელმოწერას ველოდებით. ამის დრო დადგა!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ორშაბათს, 28 თებერვალს, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელარუსში დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის.

მოლაპარაკება წინასწარ წაყენებული პირობების გარეშე იყო ორგანიზებული, უკრაინაში გრძელდება რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები. "მოლაპარაკებების საკვანძო საკითხია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან სამხედროთა გაყვანა", - ნათქვამი იყო ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG