Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მესაზღვრეები კუნძულ ზმეინიდან ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან - უკრაინის საზღვაო ძალები


უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები იუწყებიან, რომ უკრაინელი მესაზღვრეები კუნძულ ზმეინიდან ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.

ძალიან გაგვახარა იმის გაგებამ, რომ ჩვენი ძმები ცოცხლები არიან და ყველაფერი კარგად აქვთ“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

24 თებერვალს უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ დილით ზმეინის ორი უცხო ობიექტი მოუახლოვდა. მათ იზმაილის სამხედრო სასაზღვრო დანაყოფისგან დანებება მოითხოვეს. ამის დასტურად სასაზღვრო სამსახურმა სათანადო აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოგვიანებით მესაზღვრეებსა და კუნძულზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის კავშირი გაწყდა.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერეშენკო იტყობინებოდა, რომ კუნძულზე საარტილერიო დარტყმის შედეგად 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა. მათ შესთავაზეს ჩაბარებულიყვნენ, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს, - ჰყვება გერეშენკო და სათანადო აუდიოჩანაწერსაც აქვეყნებს, რომელშიც ისმის:

„მე რუსეთის სამხედრო გემი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, დაგვნებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიბომბებით“.

ამ განცხადებას მოსდევს პასუხი: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინიზე დაიღუპა ყველა ის მესაზღვრე, რომლებიც მას იცავდნენ.

ჩვენს კუნძულ ზმეინიზე ყველა მესაზღვრე დაიღუპა, ისინი კუნძულს ბოლო წუთამდე იცავდნენ. არ დანებდნენ. მათ სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაწირა“, - განაცხადა მან.

25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვის შესახებ რუსული მხარის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი.

ამავე დღეს დენისენკომ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინის უკრაინელები აკონტროლებენ.

„ორი უცხო გემი კუნძულ ზმეინის მიადგა, ნავსადგური დაცხრილეს და უკრაინელ მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვეს. თუმცა, როდემდე ჰქონდათ ვადა დანებებისთვის, არ უთქვამთ. რეალურად ახლა კუნძული ზმეინი ჩვენია“, - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინელი მესაზღვრეები უკრაინის ტერიტორიას შავ ზღვაში ძველებურად იცავენ.

26 თებერვალს, შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილემ ლოგისტიკის საკითხებში, მიხაილ იასნიკოვმა, განაცხადა, რომ „უკრაინელი სამხედროების ჯგუფი 82 ადამიანის შემადგენლობით, ზმეინის კუნძულიდან სამაშველო ბუქსირით „შახტარით“ გადაიყვანეს სევასტოპოლში, მათ დაყარეს იარაღი და ოჯახებთან დაბრუნება გადაწყვიტეს“. მისივე თქმით, იურიდიული პროცედურების დასრულებისა და უკრაინულ მხარესთან შეთანხმების შემდეგ, ისინი უკრაინაში ავტობუსებით დაბრუნდებიან.

28 თებერვალს უკრაინის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს ცნობა, რომ „რუსული პროპაგანდა ცდილობს შექმნას „ახალი ამბავი“, რომ თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ "დაივიწყა" და „დამარხა“ თავისი მესაზღვრეები. ამასთან, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, საზღვაო ქვეითებმა ორჯერ მოიგერიეს რუსი სამხედროების თავდასხმა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, "კუნძულზე ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა: შუქურა, კოშკები, ანტენები და ა.შ., ამიტომ კუნძულ ზმეინთან კავშირი შეწყდა. პირად შემადგენლობასთან დაკავშირება მათი მდგომარეობის გარკვევის მიზნით, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, უშედეგო აღმოჩნდა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხომალდებისა და ავიაციის მხრიდან განხორციელებულმა უწყვეტმა სროლამ კი საზღვაო ქვეითებისთვის დახმარების გაწევის საშუალებას არ მოგვცა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

28 თებერვალს, მიღებული ცნობის საფუძველზე, რომ შესაძლოა კუნძულ ზმეინიზე ყოფილიყვნენ დაჭრილები და დაღუპულები, დახმარების აღმოსაჩენად გაიგზავნა სამოქალაქო გემი, რომელზეც ორი სასულიერო პირი იმყოფებოდა. ადგილზე ჩასული მღვდლები რუსულმა მხარემ დააკავა. უკრაინის საზღვაო ძალები წერენ, რომ სამოქალაქო დანიშნულების ხომალდის დაკავება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა და მოუწოდებენ რუსეთს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებულები.

XS
SM
MD
LG