პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ეხმაურება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.
გიორგი გახარია უკრაინას გმირობისთვის მადლობას უხდის. მისი შეფასებით, მსოფლიო იცვლება.„ისტორიული მომენტია საქართველოსთვისაც. ჩვენ გვაქვს არჩევანი: დავბრუნდებით საბჭოთა რუსეთში ან წავიდეთ ევროპისკენ. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობა დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, წაიყვანოს საქართველო ევროკავშირისკენ. ახლავე მიმართეთ წევრობისთვის", - წერს ყოფილი პრემიერი „ტვიტერის" გვერდზე.
პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელიც უკრაინას უკავშირდებოდა.
„საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი - ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია! სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნოვანი მიზანი და ოცნება", - დაწერა გახარიამ „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.
ექსპრემიერმა დაამატა, რომ აქტიური მოქმედების დროა. მისი განცხადებით, საქართველომ უნდა შეახსენოს მთელ მსოფლიოს, რომ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი იყო - რუსეთის აგრესია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო.
„რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა", - აღნიშნავს გახარია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ევროპის კავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინას მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გახდეს კავშირის წევრი სპეციალური პროცედურის მეშვეობით.
„ჩვენი მიზანია, ყველა ევროპელთან ერთად ვიყოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანასწორები. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლიანია. დარწმუნებული ვარ, ეს დავიმსახურეთ“, - თქვა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა.
მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ საკითხებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ "ტვიტერზე" დაწერა.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა „ევრონიუსთან“ კომენტარში განაცხადა, რომ უკრაინასთან ევროკავშირი მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ინტეგრირებაზე ერთიან ბაზართან, ასევე მჭიდრო თანამშრომლობაა ენერგეტიკულ სფეროში. ამასთან, ბლოკს სურს უკრაინა ევროკავშირის წევრად იხილოს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.