Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სრულად ჩაკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის - რას იზამს საქართველო, ჯერ კომენტარი არ კეთდება


ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა სრულად კეტავს ცას რუსული თვითმფრინავებისთვის. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის საჰაერო სივრცე იკეტება რუსების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში დარეგისტრირებული და რუსეთის მიერ მართული თვითმფრინავებისთვის. შეზღუდვა ეხება ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც.

„ისინი ვერ შეძლებენ ვერც დაშვებას, ვერც აფრენას და ვერც EU-ს თავზე გადაფრენას", - ასეთია ევროკავშირის პოზიცია.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოიწონებენ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებს, რომლებიც მოიცავს SWIFT-ის სისტემიდან რუსეთის ბანკების გარიცხვას და რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ ზომებს.

ეს სანქციები არის გაგრძელება რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს შემოღებული ზომებისა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო სეპარატისტების დახმარება.

ახალი სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე დაჯდომას, ამ ტერიტორიიდან აფრენას ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე გადაფრენას უკრძალავს რუსეთის ავიაკომპანიებს ან რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს. ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ თვითმფრინავებს, რომლებსაც რუსეთის იურიდიული ან კერძო პირები ფლობენ, ქირაობენ ან სხვაგვარად აკონტროლებენ.

რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა ჩაკეტეს ირლანდიამ და კანადამაც.

რას აპირებს ამ საკითხზე საქართველო, საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. რადიო თავისუფლება ცდილობს უწყებისგან მიიღოს ოფიციალური პასუხი.

ახალი სანქციები ეხება საფინანსო სფეროსაც. სანქციებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ყველა ტრანსაქცია იკრძალება რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ან ნებისმიერ იურიდიულ პირთან, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის სახელით ან მითითებით მოქმედებს.

ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესეს და პირობა დადეს, რომ გაამკაცრებენ მათ.

XS
SM
MD
LG