Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს


ოლაფ შოლცი
ოლაფ შოლცი

გერმანიამ, რომელიც უკანასკნელ მომენტამდე უარს ამბობდა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე, მიიღო გადაწყვეტილება, კიევს გაუგზავნოს ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ერთეული ხმელეთი-ჰაერის კლასის რაკეტა Stinger-ი.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მან ტვიტერში დაწერა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო გერმანიის ხელისუფლებამ შეიცვალა პოზიცია. „ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ უკრაინას, თავი დაიცვას პუტინის არმიის შეჭრისგან,“ დაწერა მან.

ამ ცნობის საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა: „გერმანიამ ახლახან გამოაცხადა უკრაინისთვისს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა და „სტინგერების“ მიწოდების შესახებ. ასე გააგრძელე, კანცლერო! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს!“

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ამავე დროს გერმანია დათანხმდა, სხვა ქვეყნებმა უკრაინას გადასცენ შეიარაღება, რომელიც გერმანიაშია დამზადებული.

ეს ცვლილება შესაძლოა ნიშნავდეს ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სწრაფ ზრდას, ვინაიდან ევროპის ქვეყნების არსენალში მყოფი შეიარაღებისა და ტყვია-წამლის დიდი ნაწილი გერმანიაშია წარმოებული. ეს ბერლინს აძლევს უფლებას, გააკონტროლოს სამხედრო პროდუქციის სხვებისთვის გადაცემა.

ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ მწვანე სინათლე აუნთო იარაღის მიწოდებას ზოგადად. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება.

ნატოს წევრმა ქვეყნებმა გუშინ მოილაპარაკეს, გააფართოონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბები.

ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს მასშტაბური სანქციები დაუწესეს და პირობა დადეს, რომ გაამკაცრებენ მათ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციების ალტერნატივა ამჟამად მხოლოდ „მესამე მსოფლიო ომია“ - ანუ ნატოს პირდაპირი მონაწილეობა რუსეთთან კონფლიქტში. ბაიდენმა და ნატოს სხვა წევრთა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინაში ნატოს ჯარებს არ გაგზავნიან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ სანქციებს უწესებენ რუსეთს. ბალტიის ქვეყნებმა და სლოვენიამ შაბათს გამოაცხადეს, რომ საჰაერო სივრცეს უკეტავენ რუსეთის თვითმფრინავებს. რეისები მოსკოვიდან და კალინინგრადიდან კვლავაც შესაძლებელია, მაგრამ თვითმფრინავები შემოვლითი გზით მოძრაობენ ბალტიის ზღვის თავზე გავლით.

XS
SM
MD
LG