უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალია მხარს დაუჭერს რუსეთის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ტვიტერით ავრცელებს.
მისი თქმით, იტალიის პრემიერმა, მარიო დრაგიმ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა.
"ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში ახალი გვერდის დასაწყისი... უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი", - წერს ის.
უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთი გარიცხონ SWIFT-იდან, რომელიც მსოფლიოში ფინანსური ტრანზაქციების ყველაზე გავრცელებული სისტემაა.
SWIFT-იდან რუსეთის დაუყოვნებლივ გარიცხვის მოწოდებით გამოდიან ასევე ბალტიის ქვეყნები - ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმება საფრანგეთიც.
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.