Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანმა აქციამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილმა მრავალრიცხოვანმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. მოქალაქეები ყვირიან "საქართველოს", "უკრაინას" და ითხოვენ პრემიერის გადადგომას.

აქციას არ ჰყავს ლიდერი და სიტყვით გამომსვლელები - ისმის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები. მოქალაქეები აქციაზე ამ ორი ქვეყნის დროშებით მივიდნენ.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას "პასუხი რუსულ ოცნებას" ჰქვია. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთისთვის, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს ატარებს, სანქციების დაწესებას არ აპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს იუნკრების მემორიალთან თქვა, რომ საქართველო, "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", არ შეუერთდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში". მან ასევე უარი თქვა საქართველოს პარლამენტში მისვლაზე უკრაინის თემაზე სასაუბროდ.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებების პასუხად უთხრა, რომ მას შეუძლია უკრაინაში მაშინაც არ ჩავიდეს, როცა კიევის თავზე სამშვიდობო თვითმფრინავები იფრენენ. მან ისიც გაახსენა ქართულ საზოგადოებას, რომ 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეომებოდა, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

XS
SM
MD
LG