უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს პუტინს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს.
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრძოლები. მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა შევაჩეროთ ადამიანების ხოცვა“, - განაცხადა ზელენსკიმ სპეციალური მიმართვის დროს.
ზელენსკიმ უკრაინულ ენაზე მიმართა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს: „მტკიცედ იდექით. თქვენ ხართ ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. მხოლოდ თქვენ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს. გაუმარჯოს უკრაინას!“
კრემლი მხოლოდ უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხზე მოლაპარაკების მზაობას აცხადებს.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის მთავრობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დონბასში განხორციელებულ გენოციდსა და რუსოფობიაში.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი დაინტერესებულია „უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობით“, იმით, რომ „ჰყავდეს მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ მის მრავალფეროვნებას“, არ წაახალისებს „ნეონაციზმს და რუსების გენოციდს“ და უკრაინას არ გამოიყენებს „რუსეთის შეკავების ინსტრუმენტად“.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.