უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუქარესტის ცხრიანს“ მიმართა თავდაცვაში დახმარების, სანქციების და აგრესორზე ზეწოლის მიზნით. დღეს, 25 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საჭიროა ომის საწინააღმდეგო კოალიცია.
„რუსეთი ერთობლივად უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ იცავენ საკუთარ თავისუფლებას და საკუთარ მიწას, მაგრამ ქმედითი საერთაშორისო დახმარება სჭირდებათ.
„ბუქარესტის ცხრიანი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს - ბულგარეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს. ეს გაერთიანება უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის, 2014 წლის შემდეგ შეიქმნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და ავიაციის სფეროებს ახალი სანქციები დაუწესეს.