Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

VTB ბანკს ბრიტანეთსა და აშშ-ში სანქციებს ადებენ - პირველი კომენტარი ბანკისგან


VTB ბანკის ქონება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაყინეს. ეს ბანკი რუსეთში სიდიდით მეორე და საქართველოს ბაზრის მსხვილი მოთამაშეა.

საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ამ ბანკში ერიცხება ხელფასი, ნაწილს კი ანაბრები აქვს გახსნილი. ბანკმა 2020 წელს "წმინდა მოგებად" 26,7 მილიონი ლარი მიიღო.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა VTB ბანკის საქართველოს წარმომადგენლობას და ჰკითხა, რა გავლენა ექნება დაწესებულ სანქციებს საქართველოში კლიენტებზე. ბანკში მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთეს:

"აღნიშნული სანქციების გამო ჩვენს კლიენტებს რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნებათ".

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "ვითიბი ბანკი" - საქართველოს წილების 97 პროცენტზე მეტს ღსს "ბანკი ვეტებე" ფლობს.

ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიზიკურ პირებს VTB-ში 422,1 მილიონი ლარის მოცულობის ანაბარი ჰქონდათ.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ და შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. პუტინის თქმით, "სამხედრო ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".

უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, სხვა სანქციებთან ერთად, სანქციები დაუწესეს რუსულ VTB ბანკს, რაც აშშ-სა და ბრიტანეთში ამ ბანკის აქტივების გაყინვას მოიცავს.

XS
SM
MD
LG