Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის ომი - ვინ უჭერს მხარს პუტინს და რა ხდება რეგიონში?


უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან ომში, რუსეთის ყველაზე გამოკვეთილ და ჯერჯერობით ერთადერთ მოკავშირედ ლუკაშენკას ბელარუსი რჩება. რადიო თავისუფლებამ გადახედა, რა პოზიციები აქვთ სხვა ქვეყნებს რეგიონში და მათ შორის - საქართველოს უშუალო სამეზობლოში.

ბელარუსი

ერთ-ერთი მიმართულება, საიდანაც უკრაინას რუსეთმა სამხედრო ძალით შეუტია, სწორედ ბელარუსი იყო. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი კვირაა დგანან რუსეთის არმიის შენაერთები. ჩატარდა ერთობლივი მასშტაბური წვრთნებიც.

ომი უკვე დაწყებული იყო, როცა ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკამ მოუწოდა უკრაინას, რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმებით დაიწყოს მოლაპარაკებები მინსკში. რუსეთის პრეზიდენტის მიერ მანამდე გახმოვანებული მოთხოვნებია: დემილიტარიზაცია, ნატოზე უარის თქმა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე უარის თქმა.

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის გენშტაბმა ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო და ეს უსაფრთხოების მიზნებით ახსნა. ფრენა აიკრძალა 19 ათას მეტრზე დაბლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავები რეისების შესრულებას ვეღარ შეძლებენ.

ბელარუსი რუსეთის სამხედრო ალიანსის, ОДКБ-ს წევრია, რუსეთთან, სომხეთთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთსა და ტაჯიკეთთან ერთად. როგორც რამდენიმე დღის წინ ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა უთხრა სააგენტო "როიტერსს", საჭიროების შემთხვევაში, თეორიულად, ორგანიზაცია მზად არის ჯარის უკრაინაში შესაყვანად.

თუმცა ამ ორგანიზაციის მწირი კონტინგენტი, სპეციალისტების აზრით, ზღვაში წვეთია რუსეთის მიერ უკვე გამოყენებულ თუ რეზერვში არსებულ სამხედრო შესაძლებლობებთან შედარებით. ბოლოს, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები იტყობინებოდნენ უკრაინის საზღვრებთან, 150 ათასი რუსი სამხედროს მობილიზების შესახებ.

თურქეთი

„თურქეთი გმობს და მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის სამხედრო ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ“, - პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ეს სიტყვები თავდაპირველად სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელა ელვა-შეტყობინების სახით. ამავე წყაროს ცნობით, ანკარაში, პრეზიდენტ ერდოანის ხელმძღვანელობით გაიმართა თითქმის 2-საათიანი დახურული შეხვედრა უკრაინის შესახებ, ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

„ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს კიევის ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - წერს „ანადოლუ“.

მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც

„თურქეთი ეწინააღმდეგება საზღვრების შეცვლას სამხედრო ძალით. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს არასამართლიანი და უკანონო ქმედება“, - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, გავრცელდა ცნობები სატელეფონო საუბრის შესახებ - თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.

დღის პირველ ნახევარში, ნატოს წევრ თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართა ანკარაში მოქმედმა უკრაინის საელჩომ.

„რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს და მეგობარ თურქ ხალხს, მხარი დაგვიჭიროს ამ ძნელ დროს“, - წერია საელჩოს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, რა სახის დახმარებას ითხოვს უკრაინა თურქეთისგან. თუმცა ამ თემაზე მსჯელობისას უკრაინელები აღნიშნავენ, რომ თურქეთს შეუძლია ჩაკეტოს დარდანელის სრუტე.

არ არის ცნობილი ანკარის პასუხი უკრაინის ამ თხოვნასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის თანახმად, ვლადიმირ პუტინი რეჯეპ ტაიპ ერდოანს 23 თებერვალს ტელეფონით ელაპარაკა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ.

„რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ილაპარაკა თავის ცნობილ ხედვებზე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - წერს კრემლი, მაგრამ აღარაფერს აკონკრეტებს.

23 თებერვალს, პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსი პრეზიდენტ ერდოანის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც იძებნება.

„იმის ხაზგასმით, რომ თურქეთი არ აღიარებს ნაბიჯებს, რომლებიც ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს პოზიცია პრინციპულია, პრეზიდენტმა ერდოანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მინსკის შეთანხმებებზე დაყრდნობით“, - წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როდესაც ეს სატელეფონო საუბარი შედგა, პუტინს უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ „მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს“, მაგრამ ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა უკრაინაზე.

„დიპლომატია უნდა იყოს პრიორიტეტული და თურქეთმა შეინარჩუნა თავისი კონსტრუქციული პოზიცია ნატოს ფარგლებშიც“, - აღნიშნავდა ერდოანი, 23 თებერვალს, პუტინთან სატელეფონო საუბრისას და მან 24 თებერვალსაც გაიმეორა, რომ პროცესი დიპლომატიისა და მოლაპარაკებების ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის ტვიტერის გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ მას 23 თებერვალს ჰქონდა სატელეფონო საუბარი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მათ შორის - უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ იმოქმედონ „კოორდინირებულად ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებში“.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“ იტყობინება, რომ იქმნება „თანამშრომლობის დე ფაქტო სამმხრივი ფორმატი“ აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა 24 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ალიევმა ასეთი განცხადება გააკეთა 23 თებერვალს, მოსკოვში, ТАСС-ის სათავო ოფისში გამართული შეხვედრის დროს და ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის მედიასაშუალებების ხელმძღვანელები.

დროის იმ მონაკვეთისთვის რუსეთის პრეზიდენტს უკვე გამოცხადებული ჰქონდა უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის ორი რეგიონის - ლუგანსკისა და დონეცკის ავტონომიური ოლქების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ და ჰქონდა მიღებული ნებართვაც - რუსეთის არმიის სხვა ქვეყანაში გამოყენების თაობაზე.

ამავე წყაროს ინფორმაციით, იმავე შეხვედრაზე ალიევმა თქვა, რომ „რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადადგმულია“. სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელიც პუტინმა და ალიევმა 22 თებერვალს მოსკოვში გააფორმეს.

ჯერჯერობით, პრეზიდენტ ალიევის ოფიციალურ გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ბაქოს პოზიციის შესახებ უშუალოდ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით. პრიორიტეტულ ინფორმაციას შორის ისევ ჭარბად არის პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში ვიზიტის ამსახველი ცნობები.

სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ გვერდებზე 24 თებერვლის საღამომდე საერთოდ ვერ ვხვდებით ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ინფორმაციის ჩამონათვალში მთავარი თემა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტია.

ფაშინიანი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. 24 თებერვალს ის უკვე შეხვდა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობათა წარმომადგენლებს.

„არმენპრესის“ შეკითხვაზე საპასუხოდ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, 23 თებერვალს განაცხადა, რომ ერევანი მხარს უჭერს „ორ მეგობარ ქვეყანას შორის პრობლემების დარეგულირებას, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით“ და ეს უნდა მოხდეს „საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების შესაბამისად“.

მანამდე, მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერევანი არ აპირებს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარებას.

ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს საფუძვლად უდევს „ნატოს პროვოკაციები“. ირანი არ ამართლებს საომარ მოქმედებებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას.

„აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას. ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. თეირანი სამხედრო ბერკეტებს არ თვლის დაპირისპირების გადაწყვეტის გზად. აუცილებელია კონცენტრაცია პრობლემის პოლიტიკური და დემოკრატიული გზით გადაწყვეტილებაზე“, - ირანელი მინისტრის სიტყვებს „ანადოლუ“ ავრცელებს.

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სახელით დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადებაა გამოქვეყნებული ტვიტერზე. ირანი ბოლო პერიოდში ცდილობდა ურთიერთობების დათბობას დასავლეთთან. მისი მიზანია ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმება.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი. ხოლო აშშ არაპირდაპირი ფორმით არის ჩართული.

ყაზახეთი

ყაზახეთის სენატის სპიკერმა მაულენ აშიმბაევმა, 24 თებერვალს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კითხვაზე, აპირებს თუ არა ყაზახეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი ამას მოითხოვს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ("ოდეკაბე") ფარგლებში, უპასუხა, რომ არა.

აშიმბაევმა თქვა, რომ ოდეკაბეს სამშვიდობო ჯარების გამოყენება მხოლოდ ხელშეკრულების წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შეუძლია. მოსკოვის ლიდერობით შექმნილი სამხედრო ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ომი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო და, როგორც ვლადიმირ პუტინმა თქვა, ის მიზნად ისახავს - „დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას“.
არა, ეს არ არის რუსეთის შეჭრა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის სრულმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებიდან“, - დაწერა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. რუსეთი დილიდან ბომბავდა უკრაინის ქალაქებს. თანდათან სულ უფრო იზრდება დაღუპულთა რიცხვი. უკრაინაში საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG