ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 24 თებერვალს დამოუკიდებლობის სასახლეში სამხედრო საბჭოს სხდომა გამართა და განაცხადა, რომ ბელარუსი ჯარისკაცები არ იღებენ მონაწილეობას დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებაში.
ამასთან ლუკაშენკამ აღიარა, რომ მან სთხოვა პუტინს, რომ ერთობლივ წვრთნაში, „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში, მონაწილეობის მისაღებად რუსეთიდან გადასროლილი სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი ბელარუსში დაეტოვებინა.
„მოსკოვში ბოლო შეხვედრის დროს, მე პირადად შევთავაზე პუტინს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილის დატოვება ბელარუსის სამხრეთში. რატომ? მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით მზად, ამ შემთხვევაში დაგვეცვა სამხრეთის მიმართულება, რადგან უკრაინული სამხედრო ნაწილები - სამხედრო და არა სასაზღვრო - საზღვრისკენ დაიძრნენ და იქ მანევრები წამოიწყეს. ჩვენ ამას ვხედავდით, მაგრამ იქ ჩვენ ჯარი არასოდეს გვყოლია. ამიტომ მე შევთავაზე [პუტინს] დაეტოვებინა რუსეთის ჯარის მცირე ნაწილი სამხრეთ საზღვარზე მანამ, სანამ მათ არ ჩავანაცვლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალებით“, - განაცხადა 24 თებერვალს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.
მანამდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
- უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმიდანაც.
- სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“-ს ინფორმაციით, რუსეთმა დესანტი გადასხა ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და სარაკეტო იერში მიიტანა ქალაქ დნეპრის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ოდესაში რუსული დესანტის გადასხმა უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბმა.
- ტელეკომპანია CNN უკრაინის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად ასეულობით დაზარალებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები.
24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
რუსეთიდან თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.