Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო უწყება: რუსეთის შეტევითი სამხედრო ოპერაციის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს განადგურება


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ახალი ტალღის შესახებ" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ჯარები უტევენ უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს სხვადასხვა მიმართულებით. უკრაინამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაააქტიურა თავდაცვის უფლება და ამასთან, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის შეტევითი სამხედრო ოპერაციის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს განადგურება, უკრაინის ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაპყრობა და საოკუპაციო კონტროლის დამყარება.

რუსული ჯარები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს უტევენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, დროებით ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის მხრიდან, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.

ეს არის ომის აქტი, თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევა.

უკრაინამ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაააქტიურა თავდაცვის უფლება.

უკრაინელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მაღალია, ჩვენი დამცველები მზად არიან წინააღმდეგობა გაუწიონ აგრესორ სახელმწიფოს და ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის მიწის დასაცავად.

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს. მხოლოდ ერთიან და გადამწყვეტ ნაბიჯებს შეუძლია შეაჩეროს ვლადიმერ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენმა პარტნიორებმა დაუყოვნებლივ უნდა გააქტიურონ სანქციების პაკეტი. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მეგობარ დედაქალაქებს გააძლიერონ ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით.

ჩვენს საერთო პასუხზე დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოება, არამედ მსოფლიო წესრიგის მომავალი", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მკაცრად უპასუხონ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს.

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

XS
SM
MD
LG