საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ეხმიანება უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს და მიუღებელს უწოდებს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორიოსო პარტნიორებს მოუწოდებს მკაცრად უპასუხოს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.