Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა უპასუხა შეკითხვას - საქართველო უნდა შეუერთდეს თუ არა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო თემების შესახებ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

პრეზიდენტმა უპასუხა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველო უნდა შეუერთდეს თუ არა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სანქციები დაუწესეს (შეიძლება ამას სიმბოლური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ მაინც) რუსეთს?

„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების ხასიათი. მე არ ვიცი, საქართველოს მთავრობა რას გადაწყვეტს, ეს მთავრობის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა. ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ და სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში. უკვე ორი რეგიონი არის ოკუპირებული და რეაგირება ხდება ამ სიტუაციაზე. ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ის საჭიროება, რომელიც სრულ სოლიდარობას გულისხმობს. ჩვენ პასუხისმგებლობა სრულად უნდა ვიკისროთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბლუმბერგის“ შეკითხვას, რამდენად ეთანხმებით სანქციებს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ აგრესიის დასასრულებლად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით, ევროპის მასშტაბით და ამერიკელ პარტნიორებს. ამასთან, ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დღეისთვის დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ახლა ლუგანსკში ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს [სანქცია] არის სიგნალი იმის, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ბუნებრივია, ცოტათი განსხვავებული სახითაც იქნება იმისგან, რაც გვინახავს“, - შენიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა გაიხსენა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება.

„თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან, 2008 წელს საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ ჰქონდათ იმ ეტაპზე და ამის საზღაური რუსეთს არ ჰქონდა სრულად გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს. ახლა, როდესაც დასავლეთი გაერთიანდა მნიშვნელოვანი ესკალაციის გარეშეც, იმიტომ რომ არავის არ აწყობს ევროპაში, არც ამერიკაში დაპირისპირება. ომის გარეშე რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთს შევაგნებინოთ, ეს არის ის ფასი - მორალური, პოლიტიკური, ფინანსური, რომელიც მას ექნება გადასახდელი“, - თქვა მან. ზურაბიშვილი ასეთ მექანიზმად სანქციებს მიიჩნევს.

პრეზიდენტი, ასევე, გამოეხმაურა გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების შეჩერებას გულისხმობს.

„ბევრმა იფიქრა, რომ გერმანია არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ აქაც ძალიან სიმბოლური იყო ეს განცხადება და ყველამ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სიმბოლური სანქციები გაკეთდა“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკები“ დამოუკიდებლად. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებდა. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG