რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სუვერენიტეტის უფლება დაცული უნდა იყოს იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, 2014 წლის შემდეგ კი უკრაინა ასეთ (ქვეყანას) არ განეკუთვნება.
ასე გამოეხმაურა ლავროვი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ“ აფასებს "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად, რომელიც არ შეესაბამება გაეროს წესდების პრინციპებს."
რაც შეეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ლავროვის თქმით, ის მკაცრად იქნება დაცული ყველა იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ პრაქტიკულ ქმედებებში ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს იცავენ. „ვფიქრობ, ვერავინ იტყვის, რომ უკრაინის რეჟიმი, 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, წარმოადგენს უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ 22 თებერვალს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთსა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს, რომლებიც წინა ღამით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შევიდა სახელმწიფო დუმაში.
გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავი არავის შეუკავებია.
შეთანხმებები დაიდო 10 წლის ვადით, ხუთწლიანი პერიოდით ავტომატური განახლების შესაძლებლობით.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე "რესპუბლიკასთან" მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. "ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.
მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც, მისი თქმით, არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
- გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
- თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
- სანქციები კრძალავს აშშ-ის წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.