Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ 6 წელი" - 5 ივლისის საქმის ბრალდებული ჟურნალისტზე


სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილება 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის საქმე, ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა "ფორმულას" ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ აგრესია გამოხატა. წვერავა ერთ-ერთია იმ 53 ჟურნალისტს შორის, ვინც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ ორგანიზებული ძალადობის დროს დაშავდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდებული გააღიზიანა რატი წვერავას დაკითხვის იმ ფრაგმენტმა, რომელშიც ჟურნალისტი ძალადობრივი განცხადებების ავტორებს "არაკაცებად" მოიხსენიებდა.

"გამოუშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდე, მიმიშვით ამ არაკაცთან. ამ ვიგინდარას შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი. მოდის და არაკაცს გვიწოდებს", - თქვა ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა.

გიორგი ნასყიდაშვილს ბრალი 5 ივლისის საქმეზე, კერძოდ კი რადიო თავისუფლების ჟურნალისტზე ძალადობის გამო წაუყენეს. ის ამოიცნო დაშავებულმა ჟურნალისტმაც.

რატი წვერავას 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, კადრები გადაიღეს მედიასაშუალებებმა და მათში მოძალადეების იდენტიფიცირება შესაძლებელია, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, დაკავებულია მხოლოდ ერთი კაცი.

5 ივლისს, მაშინ, როცა თბილისში "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, საპატრიარქოსა და "ალტ-ინფოს" მოწოდებით ათასობით ადამიანი კონტრაქციაზე გავიდა. ამ დღეს "მარში" არ გაიმართა, თუმცა ქუჩაში გასულმა სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. ამ ძალადობის ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG