Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ახალბედაშვილი რუსთაველის ფონდს ეროვნული მუზეუმის 13 კვლევის შეჩერებას სთხოვს


ეროვნული მუზეუმი, 2016 წელი.
ეროვნული მუზეუმი, 2016 წელი.

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული მუზეუმის 13 სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომლებიც კონკურსის წესით შეარჩია რუსთაველის ფონდმა, არ უნდა განხორციელდეს. მან რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას 9 თებერვალს უკვე მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ მუზეუმი უარს ამბობს კვლევებისთვის საჭირო თანხის მიღებაზე და "ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის" ფონდიდან გრანტის გამოთხოვას. ახალბედაშვილი ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ მკვლევრებმა და ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა მისი გვერდის ავლით შეიტანეს ფონდში პროექტები დასაფინანსებლად 2021 წლის დასაწყისში და მან ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა რუსთაველის ფონდმა გამარჯვებული პროექტების სია გამოაქვეყნა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილი ხელმძღვანელის და ხელოვნების მუზეუმის გადარჩენისთვის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სულხან სალაძის შეფასებით, ნიკა ახალბედაშვილს ამგვარი წერილით მიმართვის უფლება რუსთაველის ფონდისთვის არ ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრია, ამგვარ წერილებს კი გენერალური დირექტორი უნდა წერდეს.

რუსთაველის ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის დასაფინანსებელ პროექტთა სია 2022 წლის 28 იანვარს გამოაქვეყნა. დასაფინანსებელ 123 პროექტს შორის, 13 ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სხვადასხვა ჯგუფის პროექტები იყო. მუზეუმის 13 პროექტიდან ორი იმ დროისთვის ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული მეცნიერების ჯგუფებს ეკუთვნოდა.

2022 წლის 1 თებერვალს კულტურის მინისტრის ინიციატივით, შეიცვალა ეროვნული მუზეუმის დებულება. შეტანილი ცვლილებების შემდეგ, გამკაცრდა მუზეუმებში მკვლევრების დაშვების წესი და ის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარა, ისევე როგორც მუზეუმების და მუზეუმთა ჯგუფებისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის ნებისმიერი საკითხიც.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 7 თებერვალს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა სხვა საკითხებთან ერთად ამ გრანტების მიღების მიზანშეწონილობაზეც იმსჯელა. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სხდომაზე ნიკა ახალბედაშვილმა ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დაადანაშაულა იმაში, რომ მის სისტემაში მყოფმა მეცნიერებმა მისი გვერდის ავლით და კანონისა და პროცედურების დარღვევით შეიტანეს რუსთაველის სამეცნიერო ფონდში პროექტები დასაფინანსებლად. დავით ლორთქიფანიძე ამ მსჯელობას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ მეცნიერებმა პროექტები დასაფინანსებლად 2021 წლის გაზაფხულზე გაგზავნეს, მაშინ, როცა დირექტორატი არც არსებობდა და შესაბამისად, არც მასთან შეთანხმების ვალდებულება ჰქონდათ მეცნიერებს პროექტებისთვის დაფინანსების ძიებისას.

ფრაგმენტი სხდომის ოქმიდან
ფრაგმენტი სხდომის ოქმიდან

ოქმიდან ჩანს, რომ დავით ლორთქიფანიძე კვლევებისთვის საჭირო დაფინანსებაზე უარის თქმას მეცნიერების უფლებების შელახვად მიიჩნევს, ნიკა ახალბედაშვილი კი ფიქრობს, რომ კვლევითი პროექტები "მის ზურგს უკან იყო შემუშავებული" და "დირექტორატისთვის მრავალი თვის მანძილზე დამალვის გზით" წარდგენილი გრანტის მოსაპოვებლად.

ეროვნული მუზეუმის დირექტორატი 5 ადამიანისგან შედგება: დავით ლორთქიფანიძე [გენერალური დირექტორი], ნიკა ახალბედაშვილი[ხელოვნების მუზეუმის დირექტორი], ნინო ჭიპაშვილი [ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი], ნინო სალუქვაძე[სპორტის მუზეუმის დირექტორი], ზვიად კვიციანი მესტიის მუზეუმის დირექტორი]. ეროვნული მუზეუმის კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომაზე ყველა წევრი დაეთანხმა, გარდა დავით ლორთქიფანიძისა.

რადიო თავისუფლება შეეცადა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელისგან, ჯაბა სამუშიასგან გაეგო, რა ხდება მაშინ, როცა გრანტის მიმღები ორგანიზაცია უკვე გამარჯვებულ პროექტზე ამბობს უარს. მისგან ამ პასუხის მიღება ვერ შევძელით.

ჩამონათვალი 2021 წელს რუსთაველის ფონდის კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს მომდევნო წლებში უნდა განეხორციელებინა, ასეთია:

  • კაჟის ბუნებრივი გამოსავლები მდ. ყვირილას აუზში და ადამიანის მიერ მათი გამოყენება პალეოლითურ ხანაში (იმერეთი, დასავლეთ საქართველო);
  • პრიმატების შემცველი ელდარის წყების დათარიღება და მტკვრის შუა აუზის ნამარხ ხერხემლიანთა უძველესი ფაუნები;
  • "სხვა" დმანისის ისტორია: არსებობიდან ქართულ რეკონკისტამდე (VII-XII საუკუნეების დმანისის ისტორიისა და კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევა ნაქალაქარის არქეოლოგიური ძეგლებისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მიხედვით);
  • ძველი კოლხეთი - სპილენძის მეტალურგია (წყაროები, ლიტერატურული ცნობები, მითები);
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური ყაჯარული დაზგური ფერწერული ნიმუშების ინტეგრირებული კვლევები;
  • ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ფრაგმენტებით გაცოცხლებული ისტორია;
  • ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან);
  • ფერადოვანი პრეისტორია;
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის XVIII-XIX საუკუნის ქართული დაზგური პორტრეტული მხატვრობის კოლექციის ინტეგრირებული კვლევა;
  • შუადან ზედა პალეოლითზე გადასვლის კულტურული და ეკოლოგიური კონტექსტის მულტიდისციპლინარული კვლევა, ორთვალა მღვიმის მაგალითზე;
  • მძივი, როგორც სოციალური მარკერი: ბრილის სამაროვანის მასალების მიხედვით;
  • სამკაული IV-XIX საუკუნეების საქართველოში;
  • ადრეული ტაძრიდან კომპლექსურ საზოგადოებამდე: ახალი ინტერპრეტაციები და პერსპექტივები ბერიკლდეების ნამოსახლარიდან.

XS
SM
MD
LG