Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იწყებს სამხედრო წვრთნებს რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი მანევრების პარალელურად


უკრაინის არმია 10-20 თებერვალს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებს სამხედრო მანევრებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებას რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო ინტერვენციისთვის.

უკრაინის გარშემო უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთსა და რუსეთს შორის წამოჭრილი დაპირისპირების ფონზე, 10 თებერვალს ბელარუსში სტარტს აიღებს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი, ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელიც ბელარუსის არმიის მოდერნიზებას და საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რუსეთთან ერთად, ერთობლივი სამხედრო ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად.

უკრაინის არმიის დაგეგმილი სამხედრო მანევრების თაობაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა 7 თებერვალს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია ICTV-ის ეთერში ისაუბრა.

„ისინი 10-დან 20 თებერვლამდე მართავენ წვრთნას. უკრაინის შეიარაღებული ძალებშიც პარალელურად ტარდება სარკისებური წვრთნები. მე დავასახელებ იმ ადგილებს, სადაც მანევრები ჩატარდება. ესაა როვნო, კოველი, ოვჩური, შიროკი ლანი, ჩუგუევი, ჩერნიგოვი, ოდესა და სუმი. ამ პოლიგონების გარდა, ასევე არსებობენ ცალკეული ტერიტორიები, სადაც ჩატარდება უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნები“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

წვრთნის დროს უკრაინის არმია გამოიყენებს თურქული წარმოების დრონებს „ბაირაქთარებს“, ამერიკულ „ჯაველინებსა“ და მსუბუქ ანტისატანკო დანადგარებს (NLAW), რომელიც უკრაინის არმიას ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა გადასცა.
უკრაინელმა მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუქმნია „დამრტყმელი დაჯგუფება“ უკრაინის საზღვართან, მაგრამ ასეთი ფორმირების შექმნა მას ძალიან სწრაფად, ერთი თვის ვადაში შეუძლია.

ბოლო თვეებში რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს. ამას კრემლში უარყოფენ და უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG