რუსთავის სასამართლოში დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი.
„მე შევდივარ სასამართლო დარბაზში ღიმილით იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, „ქართულ ოცნებას“ ამის მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია. დასაცინები არიან. მადლობელი ვარ რუსთაველების, რადგან მათ ჩვენ მხარი დაგვიჭირეს არჩევნებზე. „ქართული ოცნების“ პასუხი კი იყო ის, რომ ჩემზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ სხდომის დაწყების წინ.
მისი განცხადებით, დღევანდელი პროცესი „ისეთივე ფარსია, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული ყველა სხვა პროცესი“:
„არ გვადარდებს, ამით ვერაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა დაწერონ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა მან.
დავით კირკიტაძეს ბრალი წაუყენეს 2021 წლის ოქტომბერში მომხდარი ინციდენტის გამო - რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან ჩხუბი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, 2021 წლის 24 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, სამი - "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე, ორი კი - "ქართული ოცნების".
დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ჯგუფური ძალადობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ორ წლამდე ვადით.
პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი - მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.