რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ნატო არ არის მზად, „ადეკვატური რეაგირება“ მოახდინოს „რუსეთის წუხილზე“. ასევე მან ილაპარაკა „კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების ქრონიკულ საბოტაჟზე“.
ასეთ ფორმულირებებს შეიცავს საუბრის შესახებ კრემლის ცნობა. მასში ნათქვამია, რომ გაიმართა „აზრთა საკმაოდ დაწვრილებითი გაცვლა-გამოცვლა“ როგორც უკრაინაზე, ისე უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთის მოთხოვნებზე.
ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯონსონმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვარზე რუსეთის „მტრული ქცევის“ გამო, მხარდაჭერა გამოუხატა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეჭრა „ტრაგიკული შეცდომა“ იქნება. მან ასევე თქვა, რომ უკრაინას აქვს უფლება ისწრაფოდეს ნატოს წევრობისკენ. როგორც ცნობაშია ნათქვამი, ორივე ლიდერი დაეთანხმა იმას, რომ ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ არის.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე თქვა, რომ პუტინი მზად არის, იმათაც კი ელაპარაკოს, „ვისაც სრულიად მცდარად ესმის, რაც ხდება და მკაფიო წარმოდგენა არა აქვს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.
დიდ ბრიტანეთს რუსეთის მიმართ მყიფე პოზიცია უკავია უკრაინის საკითხში, რომელსაც, როგორც დასავლეთში შიშობენ, რუსეთის მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია ემუქრება. გუშინ ბრიტანეთის პრემიერი ეწვია კიევს, საიდანაც კვლავ გააფრთხილა მოსკოვი, რომ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმა ძვირად დაუჯდება. ბრიტანეთმა უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო.
გუშინ მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად გააკეთა კომენტარი აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან მოლაპარაკებებზე „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. მან დაიჩივლა, რომ ნატოს არ სურს „ღია კარის“ პოლიტიკაზე უარის თქმა და გამოთქვა შიში, რომ ნატოში უკრაინის მიღების შემთხვევაში შესაძლოა ყირიმის გამო ომი დაიწყოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და რუსეთს შორის.
აშშ-მა და ნატოს წევრებმა უარყვეს რუსეთის ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში უკრაინის მიღებაზე უარი და ნატოს ინფრასტრუქტურის დემონტაჟი ქვეყნებში, რომლებიც ახლახან გაწევრიანდნენ კავშირში. ამავე დროს დასავლეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის შეიარაღების კონტროლისა და ზოგი სხვა საკითხის გარშემო. მოსკოვს ჯერჯერობით არ გაუცია ამ წინადადებებზე ოფიციალური პასუხი.