Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი, რაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია


თბილისში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესები შეიცვალა. ქალაქში აღარ დადის "ყვითელი მარშრუტკები" - ძველ და ახალ მარშრუტებზე ახალი ტრანსპორტი დაინიშნა.

ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის ცვლილების შემდეგ, ერთჯერადი მგზავრობა გაძვირდა - 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა. თუმცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რომლებიც მანამდე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ, პირობები გაუმჯობესდა და ხარჯი არ გაზრდილა.

ახლა თბილისში ერთჯერადი გადახდით 90 წუთის განმავლობაში შესაძლებელია ტრანსპორტის (მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო) რამდენჯერმე შეცვლა და ქალაქის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა. სიახლე ისაა, რომ ამ სისტემაში ჩაერთო მიკროავტობუსის ყველა ხაზი.

გარდა ამისა, ამოქმედდა გადახდის ახალი სისტემა:

  • ულიმიტო 1-დღიანი მგზავრობა 3 ლარი ღირს;
  • ულიმიტო 1-კვირიანი მგზავრობა 20 ლარი ღირს;
  • ულიმიტო 1-თვიანი მგზავრობა 40 ლარი ღირს;
  • ულიმიტო 3-თვიანი მგზავრობა 100 ლარი ღირს;
  • ულიმიტო 6-თვიანი მგზავრობა 150 ლარი ღირს;
  • ულიმიტო 1-წლიანი მგზავრობა 250 ლარი ღირს.

მგზავრობის ღირებულების ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია აქამდე გამოყენებადი "მეტრომანით" ან "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" ბარათებით. სააბონემენტო სისტემაში ჩასართავად კი მგზავრმა ახალი ბარათი უნდა იყიდოს მეტროს და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში.

ახალი სატრანსპორტო სისტემის ფარგლებში შეიქმნა ახალი მარშრუტები, რომელზეც როგორც ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები მოძრაობენ. ავტობუსები დაინიშნა 20-მდე ახალ ხაზზე, მიკროავტობუსები - 150-მდე ძველ და ახალ ხაზზე.

ტრანსპორტისა და ხაზების განახლებასთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდით შესაძლებელი გახდა მგზავრობის დაგეგმვა. სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადაადგილების ყველა შესაძლო შემთხვევას და მგზავრობისთვის საჭირო დროს. მათ შორის, რა დროა საჭირო, მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსითა და ფეხით გადასაადგილებლად ცალ-ცალკე.

გარდა ამისა, თბილისში გაჩერებებზე განთავსებულ ტაბლოებზე ავტობუსების მოსვლის დროსთან ერთად, მიკროავტობუსების განრიგიც გამოჩნდა.

აპლიკაციასა და ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია ტრანსპორტის განრიგის შემოწმება და რუკაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადაადგილებისთვის თვალის დევნება.

ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, მერია გეგმავს თბილისის მასშტაბით 10 სამარშრუტო დერეფნის მოწყობას, რომლებზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. ამ ახალი ხაზებით, ტრანსპორტის შეცვლის გარეშე, შესაძლებელი იქნება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მოხვედრა.

XS
SM
MD
LG