ესპანეთში გამომავალმა გაზეთმა, El Pais-მა, 2 თებერვალს გამოაქვეყნა უსაფრთხოების საკითხების გარშემო რუსეთის წინადადებებზე აშშ-ის და ნატოს პასუხების სრული ტექსტი. გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოტანილია მოსაზრებები, რომლებიც ოფიციალურ დონეზე ამა თუ იმ ფორმით უკვე გამოთქმული იყო დასავლეთის მხარის მიერ ან დასავლეთის მედიაში ჩნდებოდა, წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის მტკიცებით, საუბარია ორ ინგლისურენოვან დოკუმენტზე - ალიანსის პასუხზე, რომელიც ოთხი გვერდისგან შედგება და ვაშინგტონის პასუხზე, რომელიც ხუთ გვერდს მოიცავს. აშშ ითხოვდა არ გამოქვეყნებულიყო რუსეთისთვის გადაცემული პასუხი, რასაც მოსკოვი დაეთანხმა. თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, აშშ-ის წინადადებების შინაარსი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რადგან ისინი განიხილა ვაშინგტონის ყველა მოკავშირემ ნატოსთან და კიევთან მიმართებით.
აშშ და ნატო კვლავ ადასტურებენ, რომ "ღია კარის" პოლიტიკას ემხრობიან - ანუ მზად არ არიან რუსეთს დაუკმაყოფილონ მოთხოვნა, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. აშშ ალიანსის ძალების მოცულობას მიიჩნევს რუსეთის ძალების პროპორციულად და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არ განათავსებს მოსკოვის შეშფოთების გამომწვევ, დამრტყმელ ჯგუფებს და ბირთვულ შეიარაღებას, ხოლო ალიანსის ძალების გაძლიერებას ვაშინგტონი უკავშირებს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. დასავლეთი ასევე უგულებელყოფს მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება დაუბრუნდეს 1997 წლის ნიშნულს. ამის შესახებ დოკუმენტში საუბარიც არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მოქმედებებისგან უარის თქმის მოთხოვნის პასუხად, ნატო ითხოვს "უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას".
გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და ნატო მზად არიან გააგრძელონ რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოებაზე, თუმცა ამის მთავარ პირობად ასახელებენ უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. აშშ მზადაა განიხილოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსების საკითხი და რუსეთს სთავაზობს შეიქმნას მექანიზმი პოლონეთსა და რუმინეთში Aegis Ashore-ის სისტემის შესამოწმებლად, რათა რუსეთს შეეძლოს დარწმუნდეს, რომ არ მიმდინარეობს Tomahawk-ის რაკეტების განთავსება. აშშ ასევე გამოდის მოწოდებით, დაიწყოს მოლაპარაკება ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაზე და თანახმაა, კიევთან კონსულტაციით გაიმართოს დიალოგი უკრაინაში სახმელეთო შემტევი რაკეტების არგანთავსებაზე - თუკი მოსკოვიც ანალოგიური პირობით გამოვა. ნატო და აშშ მზად არიან განიხილონ ევროპაში სამხედრო წვრთნების საკითხი, თუმცა დოკუმენტში საუბარი არ არის რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების საზღვრებთან წვრთნების აკრძალვაზე, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ დიალოგის გამართვას იარაღის კონტროლის ზომებზე ინციდენტების პრევენციის მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ ვითარება დეესკალაციას დაექვემდებარება უკრაინაში და რუსეთი ჯარებს და მშვიდობის დამცველებს გაიყვანს ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.