რამდენად „ბინძურია“ თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული ენა და, საერთოდ, არის თუ არა ლიტერატურა, როცა ავტორი „ვულგარულად აღწერს“ სექსისა თუ სხვა ფიზიოლოგიური აქტის სცენებს? - საქართველოში ამ კითხვებს სვამდნენ 50, 30, 20, 10 და 5 წლის წინ და ეს კითხვები გაისმის დღესაც.
რატომ არის, რომ ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ., ყველგან გვესმის ტყ... ყ... მ... ტრ..., მაგრამ ნამდვილი რისხვა მხოლოდ მაშინ გვეუფლება, როცა ამ სიტყვებს ქაღალდზე დაწერილს ვკითხულობთ?
„სიბილწის გამო“ შერისხული წიგნები
ანა ჭაბაშვილი - ენათმეცნიერი, არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური წიგნის რედაქტორი, იხსენებს იმ დროს, როცა საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ გამომცემლობები და წიგნის ფესტივალიც, ნაცვლად „ექსპოჯორჯიას“ უკიდეგანო პავილიონისა, ფილარმონიის ფოიეში ტარდებოდა.
„გამოვეცით მამუკა ლეკიაშვილის წიგნი, რომელშიც იყო ლექსი „მთვარე, მაკოცე ტრაკზე“. ეს წიგნი გამომცემლობის დახლზე აღმოაჩინა ცნობილმა ლიტერატორმა და იმ დროს უკვე დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა, რომელიც პარლამენტში გამოვიდა სიტყვით და ჩართული კამერების წინ 15 წუთი ილაპარაკა ამ წიგნზე. გამოსვლას მოჰყვა საზოგადოების საშინელი რეაქცია. მეორე დღეს მოგვაწყდა ხალხი, რომელიც მოითხოვდა ამ წიგნს. შედეგი ის იყო, რომ უფრო ძვირად გაიყიდა წიგნი. მახსოვს, ორი მოხუცი ქალი მოვიდა, ყიდვა არ შეეძლოთ უფულობის გამო. გვთხოვეს, თუ შეიძლება, გადავიწეროთო“, - ამბობს ანა ჭაბაშვილი. „საზოგადოების რისხვის გამომწვევი“ ლექსი კი დღეს საკმაოდ უწყინრად გამოიყურება:
„სავსებით მთვარე
გაეძრო ცარიელ ცაზე.
შენს ტანზე ღამე,
როგორც მატარებელი გადადის ხიდზე.
შენ მაინც გბნელა და ბოდავ:
„მთვარე, მაკოცე ტრაკზე!"
ცხადია, ეს არ ყოფილა ერთადერთი „აღმაშფოთებელი ლექსი“.
„ჰე, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
რა იქნება,
თავი მოიკლას ჩემმა სატრფომ,
გადმოხტეს თავისი მაღალი აივნიდან,
გადმოეშვას აივნის ფართო მოაჯირზე
კრუხივით ამძვრალი
და ნესტიანი მუ...ლი დააწებოს ასფალტს".
საქართველოს პარლამენტს უფრო დაბალი ლიტერატურული კვალიფიკაციის დეპუტატის აღშფოთებაც ახსოვს, როცა 2014 წელს სოსო ჯაჭვლიანმა ზურაბ ქარუმიძის რომან „მელია-ტულეფია: FOX-TROT“-ზე, უფრო ზუსტად კი, მის ავტორზე გაზეთ "ასავალ-დასავალის" ფურცლებზე ილაპარაკა. დეპუტატმა ასეთი რამ თქვა: „ვინც პარლამენტში ხმას მისცემს ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში ელჩად გაშვებას, მე, სოსო ჯაჭვლიანი, ყველას ფალოსს დავუძახებ!“
დეპუტატი აღაშფოთა რომანში აღწერილმა „მელია-ტულეფიას“ რიტუალმა და რომანის მთავარი პერსონაჟის, შაქრო კარმელის გამოღვიძების სცენამ.
„დიდი შუადღე. უშგული. ლამარიას ეკლესია. სალოცავის გარშემო ზორბა სვანი კაცები ფერხულში ჩამწკრივებულან და გველისებრ კლაკნილებს მიუყვებიან: თითოეულს ხელები წინმდგომის თეძოებზე უდევს და უქაქუნებს. მოფერხულეებს პატარა ბავშვები მისდევენ, მუჭით ნაკელს ესვრიან და აფურთხებენ, თან ერთმანეთსაც მიაყრიან, ძახილ-ძახილით: "ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!" თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩებულან, კვარცხლბეკივით შემაღლებულ ალაგას მანაზე რამდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ; თხები შარდავენ, დაჩოქილი ქალები კიდევ შარდის ჭავლს პირს უხვედრებენ და დალევას ლამობენ...“
"ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ!"… - ჩაესმა ძილბურანიდან გამორკვეულ შაქრო კარმელს. ხელი საბნისქვეშ შეაცურა და ყ...ერები მოიფხანა. მერე სირიც მოისინჯა - ქვასავით გამაგრებოდა...“
მწერალი და რედაქტორი შოთა იათაშვილი ასევე იხსენებს 1990-იან წლებსა და „ლიტერატურული საქართველოს“ რეაქციას ესეზე „ტრფობა წამებული“, როცა მის ავტორს, დათო ბარბაქაძეს სალანძღავ ოპუსებს უძღვნიდნენ და ავადმყოფური ფსიქიკის მქონე, არანორმალურ ადამიანად აცხადებდნენ.
„საბჭოთა კავშირში მხოლოდ აპოლონური ლიტერატურა იყო დაშვებული, სხვანაირი, დიონისური არ შეიძლებოდა. ბევრისთვის სიახლე, სხვანაირი ლიტერატურა აღმოჩნდა შოკის მომგვრელი. არადა, არის შოკის მომგვრელი ნაწარმოებები, რომელთა ამ შოკისმომგვრელობას თავისი დანიშნულება აქვს. შოკმა უნდა მოიტანოს რაღაც ცვლილება ცნობიერებაში, სხვანაირი გააზრება და ა.შ. მაგრამ ყველასთან ასე ვერ იქნება. ვიღაცაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს ტაბუდადებულ საკითხებზე ღიად წერა“, - ამბობს შოთა იათაშვილი.
XX საუკუნის 30-იან წლებში „ვულგარულ-პორნოგრაფიული ხასიათის“ მოთხრობები უწოდა კრიტიკოსმა ბესო ჟღენტმა მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსს“, „პატარა დედაკაცს“, „ოქროს კბილსა” და სხვ.
1937 წლის 24 აგვისტოს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებულ სტატიას, ბესო ჟღენტი ამთავრებდა „საქართველოს ბოლშევიკების ნაცადი ხელმძღვანელის“, ლავრენტი ბერიას სიტყვებით: „არავის ნებას არ მივცემთ ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის მაღალი სახელწოდების ამოფარებით აკეთოს თავისი შავი საქმე“.
„ვისი ყ.., ვისი მ.., ვისთვის რა საშურველია?!“
მწერალი და ჟურნალ „ახალი საუნჯის“ რედაქტორი, ლელა კოდალაშვილი ამბობს, რომ მას მერე, რაც გასული საუკუნის 90-იანებში ცენზურა გაქრა და ქართველმა მწერალმაც „აიშვა“, ჯერ მოუზომავად და დიდი დოზით გაჩნდა მხატვრულ ტექსტებში ე.წ. სკაბრეზი, მაგრამ თანდათან სიტუაცია დაიწმინდა და დღეს მწერალს აღარ სჭირდება, მიზანდასახულად გამოიყენოს ე.წ. არანორმატიული ლექსიკა.
„ვფიქრობ, ლიტერატურაში ყველანაირ ენას, ყველანაირ სიტყვას აქვს არსებობის უფლება, და მკითხველის მთავარი კრიტერიუმი ცალკე ამოჭრილი მიუღებელი თუ მისაღები სიტყვები კი არ უნდა იყოს, არამედ ტექსტის მხატვრული ღირსება. თუ ნაწარმოები მხატვრულ ამოცანას პასუხობს, რაც უნდა, ის სიტყვები დაუწერია ავტორს. ეგ კი არა, ზოგიერთი ტექსტი აგებს კიდეც, როცა ავტორი უხერხულობის გამო ცდილობს, ევფემიზმებით შეფუთოს სათქმელი. ანუ როცა მწერალი თავისუფალი არ არის, მისი მონათხრობი მხატვრულად ღირებული ვერ იქნება. და სიტყვა "თავისუფლებას" ვინ როგორ განიცდის და იგებს, ეს სრულიად ინდივიდუალურია. ვიღაც მეტყვის, ესა და ეს არ იყენებდა ცუდ სიტყვებს და რა, არ იყო კარგი მწერალიო? მე ვუპასუხებ, რომ ყველა მწერალს თავისი ლექსიკა, ენა, სტილი, სათქმელი აქვს. თომას მანიც დიდი მწერალია და, ვთქვათ, ჰენრი მილერიც, მაგრამ ერთი სხვანაირად გვიყვება სექსზე და მეორე სხვანაირად. მე ვფიქრობ, ჩვენი სკეპტიკოსები მსოფლიო ლიტერატურას ცოტა უფრო კარგად რომ იცნობდნენ, არ გაუფართოვდებოდათ თვალები ქართველი ავტორების ტექსტებში "ცუდი" სიტყვების აღმოჩენისას“, - უთხრა ლელა კოდალაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ობიექტურად „ცუდი სიტყვები“ რომ არ არსებობს, ამას ბევრი ლიტერატურული თუ ტექსტობრივი მაგალითი ადასტურებს.
„თუ კაცს ყ...ის დამსხობა და გადიდება უნდოდეს, მოიტანე ხახვი და ნარგისი, კურკაგამოღებული წითელი ხმელი ყურძენი და ალყარყარა, და ესე წამლები ოთხივ სწორ-სწორი ქენით; და ყველა დანაყეთ და გაცერით; და ძროხის ნაღველითა სქლად გააყენეთ და თბილ-თბილი ყ...ეზედა უნდა შეიცხონ და კარგად უნდა დაიზილონ და ერთ ჟამს ვითმე ზედ უნდა ეცხოს. და კაცს ყ...ეს უსათუოდ გაუმსოხობს და გაუდიდებს, და ყ...ეს მწვავედ გაუმაგრებს, კაცს წელსა და თირკმელს გაუხურვებს, კაცობას მწვედ მატებს... და კაცს რომე ყ...ის დაჩუტვა უნდოდეს, სადამდის კაცი ხუთ-ექსვსჯერ ყ...ეზედ ცივს წყალს არ დაისხამს, კაცს ყ...ე არ დაუჩუტდების...“ - ესაა ფრაგმენტი 700-გვერდიანი წიგნიდან, რომელიც XVI საუკუნეში დაიწერა და ორჯერ გამოიცა XX საუკუნეში.
1985 წელს აკადემიკოსი აკაკი შანიძე წერდა, რომ პირველი, 1938 წლის გამოცემა, ნაკლულია და არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ მნიშვნელოვანი ტექსტის შესახებ, ამიტომ დიდად სასიხარულოა, რომ სრული ხელნაწერი აღმოჩნდა და სასურველია, უნივერსიტეტის გამომცემლობამ იკისროს მისი გამოცემაო.
1992 წელს „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ“ მართლაც დასტამბა ეს წიგნი (50 000-იანი ტირაჟით), რომლის წინასიტყვაობაში რედაქტორი, პროფესორი კორნელი დანელია წერდა:
„იადიგარ დაუდი“ („დავითის სახსოვარი“) მეტად საყურადღებო ძეგლია, რომელიც 1579-1585 წლებში შეუდგენია მეფე ლუარსაბ I-ის უმცროს შვილს... შრომა რა სახითაც გამოდის, საჭირო და სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს არა მარტო ხალხური მედიცინის ისტორიის, არამედ ქართული სამწერლობო ენის ისტორიის თვალსაზრისითაც“.
„ქართული სამწერლობო ენის ისტორია“ წონიანი არგუმენტი ვერ აღმოჩნდა 50-იანი წლების საბჭოთა საქართველოში, როცა ეთნოგრაფთა საზოგადოებამ განიზრახა თედო სახოკიას მიერ შეკრებილი „ქართული უწმაწური ანდაზებისა და სიტყვა-თქმანის“ გამოცემა შეზღუდული ტირაჟით (სამეცნიერო მიზნით - ლინგვისტებისა და ეთნოლოგებისთვის), მაგრამ ცენზურის გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა.
„აზნაური მჭადს არ სჭამს... რომ მოშივა, ყ...ესაც მამჭამს“; „ამპარტავანი მუ...ელი, ქალო, დაგირჩა უტ...ნელი“; „აზნაურის ქალს უთქვამს: გლეხს ვა...ვნევინებ: ყ...ე აზნაურისა და გლეხისა სულერთია , მაგრამ გლეხი ყვ...ინად მოინდომებს შეტანასაო“; „ბოზს ყ...ე მუ...ელში ჰქონდა და, - სად არისო?“; „ვისი ყ...ე, ვისი მუ...ელი, ვისთვის რა საშურველია?!“ - თედო სახოკიას მიერ ჩაწერილი ყველა ეს სკაბრეზული ანდაზა თუ გამონათქვამი შევიდა გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ 2005 წელს გამოცემულ „მოუკრეფავნში“, რომლის რედაქტორი, ანა ჭაბაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იხსენებს საზოგადოების ზომიერად კრიტიკულ რეაქციას:
„ნაკლებად ჰქონდათ მძაფრი რეაქცია, თუმცა იყვნენ გაბრაზებულებიც. ერთმა წიგნის გამყიდველმა მითხრა, აბა, ეს როგორ შეიძლებოდაო. მე ვუთხარი, ვისაც არ უნდა, არ წაიკითხავს-მეთქი. ცოტა ეწყინასავით“.
რა არ მოსწონთ, რას ვერ ეგუებიან?
„ვერ ეგუებიან იმას, რომ შავით თეთრზე დაწერილს ხედავენ ამა თუ იმ სიტყვას, რაც კარგად მესმის, რადგან ენაში იმთავითვე იყო ეს სიტყვები ტაბუირებული, ოდითგანვე, უფრო ადრე, ვიდრე საბჭოთა სისტემა გაჩნდებოდა. თვითონ სულხან-საბაც კი განმარტავს ამ სიტყვებს, მაგრამ უარყოფით კონტექსტში მოიხსენებს. ყ...ზე წერს - მამაკაცის სარცხვინელიო, ტყ...ზე - კაცთაგან ქალის დამდაბლებაო, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს შეიტანოს ეს სიტყვები თავის ლექსიკონში, რადგან ეს სიტყვები არსებობს. არ დაგვავიწყდეს, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ სტერილურია ამ თვალსაზრისით. არნოლდ ჩიქობავამ, რომელიც რვატომეულის მთავარი რედაქტორი იყო, არ შეიტანა „ბოზი“ - უწყინარი სიტყვა. ახალ გამოცემაში, ცხადია, შეიტანეს“, - ამბობს ანა ჭაბაშვილი, რომლის თქმითაც, ვლადიმირ დალის რუსული ენის განმარტებით ლექსიკონის ძველი და საბჭოთა გამოცემებიც ფაქტობრივად იდენტურია, „რიგით მიკითხველი“ ვერ გაარჩევს ერთმანეთისგან, მაგრამ ბუკინისტები იოლად არჩევენ: თუ შეტანილია სიტყვა х..й, ე.ი. ძველი გამოცემაა.
„ქართულ ძველ სასისხლო საბუთებში იყო ჩანაწერი, რომ ვისაც ქალი მოუტ...ნო, ამდენი და ამდენი გადაუხადონო, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში ეს სიტყვა გადაფხიკეს და მის ნაცვლად ჩაწერეს, „ქალი წაუხთინონო“. ასე რომ, თავიდანვე ტაბუირებული იყო ეს სიტყვები და, როგორც რუსები იტყვიან, непечатное слово-ებად მიიჩნეოდნენ“.
ცხადია, 21-ე საუკუნეში პრინციპულად მიუღებელი, ე.წ. არდასაბეჭდი სიტყვები (непечатное слово) არ არსებობს, თუმცა, როგორც მწერალი და რედაქტორი, შოთა იათაშვილი ამბობს, ბევრი ავტორი უგემოვნოდ და მექანიკურად იყენებს სკაბრეზულ ლექსიკას:
„რედაქტორის გამოცდილებიდან რომ შევხედოთ, ავტორებს მოუტანიათ ტექსტები, რომლებიც სავსეა სკაბრეზით, ტაბუირებული თემებით და მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს არის საკმარისი ღირებული ტექსტის დასაწერად. ცხადია, ტაბუ და ლექსიკა საკმარისი არ არის კარგი ლიტერატურის შესაქმნელად“.
ლელა კოდალაშვილის თქმით, სექსისა და სხვა ფიზიოლოგიური აქტების სცენების აღწერის „გალიტერატურება“ ისედაც არ არის იოლი საქმე, ქართველი ავტორების მდგომარეობას კი არაერთი დამატებითი ფაქტორი ართულებს:
„სექსის 70-წლიანმა დემონიზებამ ჯერ ვერ გამოგვიყვანა გარეთ. უმეტეს შემთხვევებში ჩვენი მწერლების მიერ აღწერილი სექსის სცენები ყალბი, არადამაჯერებელი და კეკლუცად შეფუთულია. ამ 70-წლიანი პრესის გარდა, ასევე ხელს უშლის ჩვენი პატრიარქალური კულტურა და ფსევდორელიგიური მორალი. მწერალს ეშინია, რას იტყვის სოციუმი, ოჯახი და ა.შ. ამიტომ ის ძალიან ფრთხილობს და ალბათ წერისას წითლდება კიდეც უხერხულობისგან. არათავისუფალი მწერალი კი მხატვრულად ფასეულ ტექსტს ვერ მოგვცემს. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ რაკი არ გვაქვს სექსზე წერის გამოცდილება, არ გვაქვს შესაბამისი ლექსიკაც და ეს პრობლემა თავს თარგმანისას იჩენს ხოლმე. მთარგმნელისთვის ურთულესი ამოცანაა, ბუნებრივად თარგმნოს უცხოელი ავტორის ე.წ. უხერხული სცენები. ან ვულგარული გამოსდის, ან სასაცილო, ან, რაც ყველაზე აუტანელია ლიტერატურაში, ყალბი. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ, ლიტერატურაში ტაბუ მოეხსნას ე.წ. უხერხულ და ცუდ სიტყვებს და ესა თუ ის სიტყვა მარტო გინების კონტექსტში კი არა, ეროტიკული სცენების აღწერისასაც ბუნებრივად ჟღერდეს. რომ თანდათან გამოვიდეთ იმ საბჭოთა გახამებული სიყალბიდან და ყურები არ აგვეწვას, ვინმე თუ, თამთა მელაშვილის მსგავსად, თავისუფალ რეჟიმში მოიხმარს იმ სიტყვებს, რომელიც მის პერსონაჟს გაუხარდება“.
თუმცა, აშკარაა, რომ ტაბუს მოხსნა და საბჭოთა გახამებული სიყალბიდან გამოსვლა არ იქნება იოლი. ასე რომ იყოს, მთავლიტისა და ცენზურის გაუქმებიდან 30 წლის შემდეგ, შოკში არავინ ჩავარდებოდა გენიტალიებისა და სქესობრივი აქტის ხსენებაზე.
„ეს არის არა დაბალი კულტურის, არამედ უბრალოდ ჩვენი კულტურის ბრალი. ჩვენთან ასეა და მორჩა. ეს ალიაქოთი, რომელიც ამ წიგნის გარშემო ატყდა სოციალურ ქსელებში, დარჩება აქ, სოციალური ქსელის ვიწრო სეგმენტში, დანარჩენი საქართველოსთვის კი არაფერი შეიცვლება“, - უთხრა ანა ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას.