Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე: არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესახებ ილაპარაკა „პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. მან შეაფასა ოპოზიციის უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ტექსტის მიმართ.

„საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა, - აღნიშნა მან და განაგრძო, - ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“.

საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

XS
SM
MD
LG