Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე: მთავარი არსი, ვფიქრობ, ამ ტექსტში არის ასახული


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, რომელზეც ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ.

„ჩემი შეფასებით, სამწუხარო არის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს უკრაინას. აქედან გამომდინარე, მთავარი არსი, ვფიქრობ, ამ ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს, რაც შეეხება მის შინაარს“, - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ორიენტირებულია ფორმებზე და არა შინაარსზე. „რაც შეეხება ფორმებს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, ოპოზიციის წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსისა, - აღნიშნა მან და დაამატა, - უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეეხება ფართო კონსენსუსით მიღწეული და სწორედ ამის მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ ერთმანეთთან კონსულტაციები, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა“.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ჯერ კიდევ წინ არის კომიტეტში რეზოლუციის პროექტის განხილვის პროცედურები. „ვნახოთ, იქნებ იყოს კიდევ შესაძლებელი მოხდეს თანხმობის მიღწევა დოკუმენტის კენჭისყრის დროს“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

XS
SM
MD
LG