Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის


ჯენ საკი, თეთრი სახლის პრესმდივანი
ჯენ საკი, თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ს განზრახული აქვს, უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად კიევს გადასცეს Mi-17 კლასის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენები.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თქმით, უკრაინას ამერიკის არმიის საცავებში არსებული ასეთი შვეულმფრენები Excess Defense Articles-ის ფარგლებში გადაეცემა.

„მხოლოდ გასულ წელს ჩვენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოვყავით 650 მილიონი დოლარი; ჯამში, 2014 წლის შემდეგ, ჩვენ უკრაინისათვის $2,7 მილიარდი გამოვყავით. უსაფრთხოების სფეროში გამოყოფილი ტრადიციული დახმარების გარდა, როგორსაც უკრაინის უსაფრთხოების ინიციატივა წარმოადგენს, პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციას, რომ დააკმაყოფილოს თავდაცვის სფეროში უკრაინის განსაკუთრებული მოთხოვნები და დააჩქაროს ლეტალური იარაღით დახმარება“, - აღნიშნა საკიმ.

მანამდე კვირის დასაწყისში სამხედრო საკითხებზე მომუშავე რამდენიმე ამერიკულმა წყარომ მედიას აცნობა, რომ აშშ გეგმავს უკრაინისათვის რუსული წარმოების იმ Ми-17В5 და Ми-8МТВ-კლასის შვეულმფრენების გადაცემას, რომლებიც მანამდე ავღანეთის საჰაერო-სამხედრო ძალების შეიარაღებაში იმყოფებოდა და ქვეყნიდან თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ გაზიდეს.

აშშ-ის გარდა რუსეთის შესაძლო აგრესიის წინაშე უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას სურვილი ნატოს სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს.


18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.

უკრაინული მედიის თანახმად, საუბარია გერმანიის არმიის შეიარაღებაში არსებულ შვედურ კონცერნ SAAB-ის მიერ გამოშვებულ მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ზე. ამ ყუმბარსატყორცნის მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს ამერიკული „ჯაველინისას“, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ისგან ბოლოს შარშან შემოდგომაზე მიიღეს.

ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის, ჩეხეთის მთავრობა მომდევნო კვირაში განიხილავს უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების საკითხს.

XS
SM
MD
LG