Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 წლის წინ ჩამონგრეული მეტრო "ვარკეთილი" გარემონტდება - რა და როგორ გაკეთდება


თბილისის მერია გეგმავს გაარემონტოს ოთხი წლის წინ ჩამონგრეული მეტროსადგური "ვარკეთილი". ამჯერად დაგეგმილია სადგურის სრული რეკონსტრუქცია და კაპიტალური რემონტი. ამისთვის "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" 7 057 389 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

რეაბილიტაციის შემდეგაც არ გარემონტდება მეტროს შესასვლელამდე მისასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელები - სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს ეს ნაწილი მათ დაქვემდებარებაში არ არის.

განახლებული მეტროსადგური სრულად ადაპტირებული არ იქნება შშმ პირებისთვის. ეტლით მოსარგებლეებს კვლავ ბარიერების გადალახვა მოუწევთ მეტროში ჩასასვლელად.

"დაგეგმილია სადგურის ნაწილობრივ ადაპტირება შშმ პირთათვის, მაგალითად ტაქტილური ბილიკების მოწყობა როგორც ზედა, ასევე ქვედა სადგურებში. ამ განახლების პროექტის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სპეციალური ლიფტის მოწყობა, ვინაიდან ამის ტექნიკურ საშუალებას არ იძლევა სადგურის საინჟინრო გეგმარება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება:

  • მეტროს ინტერიერის იატაკი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით - იცვლება კერამიკული ფილებით;
  • კედლებზე გაკრული ქვის საფარი კერამიკული ფილებით შეიცვლება, ზოგან კი შეიღებება;
  • ჭერზე აზბოცემენტის ფილები შეიცვლება ცეცხლგამძლე ცემენტის ფილებით;
  • ინტერიერში განახლდება და შეიცვლება განათებები;
  • კედლებზე განთავსდება საათი, ქვედა დარბაზში დაიდგმება ნახევარწრის ფორმის სკამები; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ შეიცვლება;
  • განახლდება ე.წ. საევაკუაციო კიბე, რომელიც ბაქანს გარე სივრცესთან აკავშირებს.

ჯერ არ არის ცნობილი რეაბილიტაციის პროცესში შეაჩერებს თუ არა მეტროსადგური მუშაობას. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად განიხილავენ მშენებლობის გრაფიკს. გამარჯვებულ კომპანიას ზუსტად ერთი წელი ექნება მეტროს გასარემონტებლად.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის დროს, ჭერის ჩამონგრევამდე წელიწადი და ოთხი თვით ადრე. მაშინდელი მერი ამბობდა, რომ "მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა".

სადგური კომპანია შპს ყვარელრემმშენმა გაარემონტა და ამისთვის 350 ათასი ლარი მიიღო. მეტროს ჭერის ჩამონგრევიდან ხუთ თვეში კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს.

XS
SM
MD
LG