Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

36 ადამიანი გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან რეორგანიზაციის შემდეგ


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო.

„15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი. 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდა როგორც ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ, ასევე სააგენტოს ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა.

სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა ეკუთვნის კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომლის განმარტებითაც ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური).

„დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ. ლტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG