აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ორივე მხარემ უარყოფითი კომენტარები გააკეთა.
ვაშინგტონის თქმით, მოსკოვზეა დამოკიდებული, დიალოგს აირჩევს თუ არა დაძაბულობის შესასუსტებლად და უკრაინასთან დაკავშირებით „კონფრონტაციისთვის თავის ასარიდებლად“.
„არსებობს დიალოგისა და დიპლომატიის გზა, რომელიც შეიძლება ვცადოთ ზოგი უთანხმოების გადასაჭრელად და კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად,“ უთხრა 9 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს.
„მეორე გზაა კონფრონტაცია და სერიოზული შედეგები რუსეთისთვის, თუკი ის განაახლებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ მალე შევამოწმებთ შემოთავაზებას იმის თაობაზე, თუ რომელი გზის არჩევისთვისაა მზად [ვლადიმირ] პუტინი.“
დღეს გვიან საღამოს ჟენევაში დაიწყება რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ნაწილია ე.წ. „სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისა“.
ამის შემდეგ, 12 იანვარს, ბრიუსელში გაიმართება მოლაპარაკებები რუსეთსა და ნატოს წევრებს შორის.
ბლინკენის კომენტარამდე მოსკოვმა „იმედგაცრუება“ გამოხატა ჟენევის მოლაპარაკებების წინ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მომავალი სიგნალების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მოსკოვი ოპტიმისტურად არ არის განწყობილი მოლაპარაკებების წინ და რომ შეერთებული შტატები რუსეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს.