ყაზახეთის ქალაქ ალმათიში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა იერიშით აიღეს ქალაქის მერია, შენობაში ხანძარია. იწვის ასევე ქალაქის პროკურატურის შენობაც.
მერიის იერიშისას, რომლის პირველი მცდელობა წუხელ იყო, შეტაკება მოხდა პოლიციასთან. პოლიციელები, რომლებიც ცდილობდნენ იერიშის მოგერიებას, გარბიან, დემონსტრანტები მათ ურტყამენ. არსებული ცნობით, ეროვნული გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი სერიოზულად დაშავდა. 5 იანვარს გამოცემა zakon.kz-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო განრისხებული დემონსტრანტები როგორ მიიწევენ წინ, მერიის შენობის შესასვლელში.
რუსეთის სააგენტოებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება, რომ ქალაქში შეტაკებები გრძელდება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სამსახურს მოჰყავს "ინტერფაქსის" ცნობა, რომ ჯოხებით შეიარაღებული დემონსტრანტები ურტყამენ სამხედროებს, რომლებიც მათ გზაზე ხვდებიან, ხდიან მათ ჯავშანჟილეტებს და ართმევენ იარაღს და ფარებს. „რია ნოვოსტის“ თანახმად, ქალაქში ისმოდა სროლა.
ოფიციალური მონაცემებით, გუშინდელი შეტაკებების შედეგად 137 პოლიციელი და აქციის 53 მონაწილე დაშავდა.
ქალაქ აქტობეში, ყაზახეთის ჩრდილო-დასავლეთში, პოლიციის თანამშრომლებმა უარი თქვეს დემონსტრანტების დაკავებაზე და განაცხადეს, რომ „ხალხთან“ არიან. ქალაქის ადმინისტრაციასთან ასამდე ადამიანი დგას და გამგებელთან შეხვედრას ითხოვს.
ჟანავოზენში, გამოცემა Orda.kz-ს ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ხელისუფლებას წაუყენეს მოთხოვნები, მათ შორის რეჟიმის შეცვლა, გამგებლების სახალხოდ არჩევა, 1993 წლის კონსტიტუციის აღდგენა და სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა.
გვიან ღამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ქალაქ ალმათიში 5-დან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მთელ ქვეყანაში ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ალმათიში არ ფუნქციონირებს მობილური ინტერნეტი და მესენჯერი. ყახაზეთის ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა მასმედიის საიტები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს აშუქებენ.
წუხელ გადადგა მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადადგომა მიიღო პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი ალიხან სმაილოვი. გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის გადადგომას წინ უძღოდა გათხევადებული ბუნებრივი გაზის გაძვირების გამო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან 2 იანვარს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებმაც სხვა რეგიონებიც მოიცვა.