Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ხელისუფლებამ ტრიუმფალური თაღიდან ეკროკავშირის დროშა ჩამოხსნა


საფრანგეთის ხელისუფლებამ ჩამოხსნა ევროკავშირის დროშა ტრიუმფალური თაღიდან პარიზში, კვირას, 2 იანვარს, მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ოპონენტებმა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის იდენტობის "ამოშლაში" დაადანაშაულეს - იტყობინება ფრანსპრესი.

ახალი წლის წინა დღეს საფრანგეთის დროშის ადგილას ევროკავშირის - ლურჯი, ვარსკვლავებიანი - უზარმაზარი დროშა გამოფინეს იმის აღსანიშნად, რომ საფრანგეთი ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა ექვსი თვით.

თაღი, რომელიც ომში დაღუპულთა ხსოვნის მონუმენტია, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები, ეიფელის კოშკის და პანთეონის ჩათვლით, ლურჯად არის განათებული კვირის ბოლომდე.

თუმცა, მემარჯვენეები, რომლებიც მაკრონის მეტოქეები იქნებიან გაზაფხულის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩაეჭიდნენ საფრანგეთის სამფეროვანი დროშის ჩამოხსნის ფაქტს და მას საფრანგეთის მემკვიდრეობისა და მისი ვეტერანების შეურაცხყოფა უწოდეს.

"ევროპის თავმჯდომარეობას - „დიახ“, ფრანგული იდენტობის ამოშლას - „არა!" დაწერა ტვიტერზე ვალერი პეკრესმა, კონსერვატორმა კანდიდატმა, რომელიც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, შესაძლოა, მაკრონის მთავარი მეტოქე გახდეს მომავალ არჩევნებში.

მან მაკრონს მოუწოდა საფრანგეთის დროშის თავის ადგილზე დაბრუნებისკენ და თქვა: "ეს ჩვენი ვალია ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, რომელთაც მისთვის სისხლი დაღვარეს ".

ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარი ლე პენმა, რომელმაც საჩივრის შეტანის პირობა დადო „სახელმწიფო საბჭოში“, საფრანგეთის ადმინისტრაციულ საქმეთა უმაღლეს სასამართლოში, ევროპის კავშირის დროშის ჩამოხსნას "დიდი პატრიოტული გამარჯვება" უწოდა და ტვიტერზე განაცხადა, რომ "მასობრივმა მობილიზაციამ" აიძულა მაკრონი, უკან დაეხია.

თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ოფიციალურმა პირმა კვირას განაცხადა, რომ გამთენიამდე დროშის ჩამოხსნა ადრევე დაგეგმილი იყო​ და დაბეჯითებით აღნიშნა, რომ მონუმენტების ლურჯად განათებისგან განსხვავებით, თაღზე დროშა მხოლოდ ორი დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო.

პრეზიდენტის სამსახურის ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, ვერ თქვა, კვლავ როდის იფრიალებდა საფრანგეთის დროშა თაღის ქვეშ, თუმცა აღნიშნა, რომ ის არ წარმოადგენს მონუმენტის მუდმივ ნაწილს.

XS
SM
MD
LG