Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღი დაგვიმიზნეს მე და ჩემს შვილს - გახარიას თანაგუნდელი თავდასხმაზე საუბრობს


მალხაზ თორია
მალხაზ თორია

პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ხელმძღვანელი მალხაზ თორია, რომელიც ასევე ზუგდიდის საკრებულოს წევრია, აცხადებს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ და იარაღით დაემუქრნენ, როცა ის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა, როცა საკრებულოს დეპუტატი მამის საფლავზე იყო.

გიორგი გახარიას თანაპარტიელი ამბობს, რომ ემჩნევა ძალადობის კვალი, თუმცა ახლა მას და მის შვილს საფრთხე აღარ ემუქრებათ. მალხაზ თორია თავდასხმას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების მცდელობად აფასებს.

"სასაფლაოს ეზოში ვიდექი, როცა გაჩერდა მოთეთრო ფერის BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, კიდევ გაჩერდა მეორე ავტომანქანა შავი ფერის. იკითხეს რაღაც, მაგრამ ეს იყო ფორმალური. სოფლის გზას კითხულობდნენ. ნელ-ნელა გადმოვიდნენ, ჯერ სამი იყო, მერე ექვსი გახდა, შვიდი და მომიახლოვდნენ.

[ერთმა] იარაღი ამოიღო, დამიმიზნა მე, ჩემს შვილს და ყვიროდა: დაწექით, დაწექითო. ამ დროს დაიწყეს ჩემზე და ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა. წამაქციეს, ერთს მუხლი ჰქონდა თავზე დაბჯენილი.

ვყვიროდი, დაანებეთ ჩემს შვილს თავი, არასრულწლოვანია, რაღაც გეშლებათ-მეთქი. ამაზე იყო პასუხი - არაფერი გვეშლება, სწორ მისამართზე ვართ მოსული. არასწორი პოზიცია გიკავია და ამისთვის ისჯებიო. ჩვენ რატომ გვეწინააღმდეგებიო", - იხსენებს ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი.

მისივე თქმით, თავდამსხმელებმა მისი მანქანის საბურავებიც დააზიანეს.

საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან არცერთს იცნობდა, თუმცა სამის ამოცნობა შეუძლია, რადგან სიბნელეში მხოლოდ მათი სახეების გარჩევა შეძლო. ძალადობის შესახებ თორიამ პოლიციას აცნობა.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 151-ე (მუქარა) და 187-ე (სხვისი ნივთის დაზიანება).

მალხაზ თორია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 31 მაისს გააკეთა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს უერთდებოდა.

XS
SM
MD
LG